უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკის მერმა რუსლან ტრებუშკინმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
„ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე, პოკროვსკის რაიონის მოსახლეობას მშვიდობა სურს. უკრაინის მოსახლეობის უმეტესობას მშვიდობა სურს. ადამიანებს ომი არ უნდათ, ისინი დაიღალნენ. იგივე ითქმის სამხედროებზე, რომლებიც წინა ხაზზე იმყოფებიან, და რომლებსაც დიდი ხანია არავინ ცვლის, ადამიანებს სახლში უნდათ. მათ სურთ, რომ თქვენ მშვიდობა აჩუქოთ. ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე, ჩვენ გვჯერა თქვენი. დაამყარეთ მშვიდობა და მიეცით ადამიანებს ცხოვრების საშუალება“, – განაცხადა პოკროვსკის მერმა.
ტრებუშკინი ვიდეომიმართვაში აგრეთვე საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის მოსახლეობის ნაწილმა ქვეყანა დატოვა, ზოგი ქვეყნის ტერიტორიაზე ლტოლვილად იქცა, ხოლო ერთი ნაწილი ყოველდღიური სროლების ფონზე, გათბობისა და ცენტრალური წყალმომარაგების გარეშე პოკროვსკის რაიონში ცხოვრებას აგრძელებს.
„ადამიანები უბრალოდ იძულებულნი არიან იქ იცხოვრონ. ისინი ცხოვრობენ და საკუთარ სახლებს იცავენ, რათა ისინი არ გაძარცვონ. მათ მშვიდობის იმედი აქვთ. ამ მცხოვრებლებთან საუბრისას მე მესმის „მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა“. მაგრამ სტატისტიკა ჩვენ სხვა რამეს გვეუბნება. სტატისტიკა, რომელსაც ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი გვთავაზობს, ამბობს, რომ უკრაინელების უმეტესობას ომი სურს“, – აღნიშნა მან.