ტრამპი რუსეთში იშვიათ ლითონებზე წვდომის იდეას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ამერიკელმა ინვესტორებმა რუსეთში იშვიათ ლითონებზე წვდომა მოიპოვონ და შესაბამისი შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობს სერიოზული მსჯელობა უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე და ის მოსკოვთან ეკონომიკური განვითარების სფეროში რამდენიმე შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს იშვიათი ლითონების დიდი მარაგი აქვს.

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის აშშ-სთან იშვიათი ლითონების მოპოვებისა და ალუმინის წარმოების საკითხში სათანამშრომლოდ. ამასთანავე, პუტინმა განაცხადა, რომ ეს შეთავაზება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ეხება. პუტინი ამ რეგიონებს „ახალ ტერიტორიებს“ უწოდებს.

პუტინმა აღიარა, რომ ამჟამად რუსეთში იშვიათი ლითონების მოსაპოვებლად მუშაობა სათანადოდ არ მიმდინარეობს.

ავსტრალიის ონლაინ-გამოცემის, Small Caps-ის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში იშვიათი ლითონების მარაგი 3,8 მლნ. მეტრულ ტონას შეადგენდა. რუსეთის ფედერაცია ამ მონაცემებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ჩინეთის, ბრაზილიის, ინდოეთის და ავსტრალიის შემდეგ.