ევროკავშირის დაარსების მიზანი შეერთებული შტატების გაცურება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ევროკავშირი შეიქმნა შეერთებული შტატების გასაცურებლად, ეს არის მისი მიზანი, და მათ კარგად გაართვეს თავი ამას“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა, ასევე, კომენტარი გააკეთა ავტომობილებზე და სხვა საქონელზე 25%-იანი ტარიფის დაწესების გეგმებზე.
მისი თქმით, მიიღო გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ, რომელსაც ძალიან მალე გამოაცხადებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეერთებული შტატებით სარგებლობს.
„მათ მართლაც ძალიან ისარგებლეს ჩვენით. ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. იყენებენ ყველანაირ საბაბს, თუ რატომ არ იღებენ ჩვენს პროდუქციას, ჩვენ კი ვიღებთ მათგან ყველაფერს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოხდება, როდესაც ევროკავშირი საპასუხო ტარიფებს დააწესებს, ტრამპის თქმით, ისინი ამას ვერ შეძლებენ.
„მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შეუძლიათ სცადონ, მაგრამ რიცხვები ვერასოდეს გაუტოლდება ჩვენსას. მათ შეუძლიათ შურისძიება, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს წარმატებული შურისძიება“, – დასძინა ტრამპმა.