მარკო რუბიო: ერთადერთი რამ, რაც ნატოს საფრთხეს უქმნის, არის ის, რომ ჩვენ გვყავს ნატოს წევრები, რომლებსაც ჯარი თითქმის არ ჰყავთ

„ნატოს საფრთხე გარედან არ ემუქრება, თუმცა საფრთხეს თავად ალიანსის წევრები ქმნიან, რომლებიც თავდაცვაზე არასაკმარის ფულს ხარჯავენ“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

მისი თქმით, მდიდარმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.

„ნატო საფრთხეში არ არის. ერთადერთი რამ, რაც ნატოს საფრთხეს უქმნის, არის ის, რომ ჩვენ გვყავს ნატოს წევრები, რომლებსაც ჯარი თითქმის არ ჰყავთ, ან რომელთა არმიას ბრძოლისუნარიანობა არ გააჩნია, იმიტომ რომ ისინი 40 წელი ამ მიმართულებით ფულს არ ხარჯავდნენ.

საუბარია მდიდარ ქვეყნებზე, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. მათ ბევრი ფული აქვთ. მათ ეს ფული საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებაში უნდა დაებანდათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. გვყავს ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ეკონომიკის 1% – 1,5% ხარჯავენ. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ სუბსიდირებას. ეს უსამართლობაა. სწორედ ეს აყენებს ნატოს საფრთხის წინაშე, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოკავშირეები არ გვყავს. პოლონეთმა, ჩეხეთმა  –  რამდენიმე ქვეყანამ გაზარდეს თავდაცვის ხარჯები, მაგრამ ზოგმა არა. და ეს არის მდიდარი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი. ჩვენ ვიცით ეს. ასე რომ, ეს უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა რუბიომ.