უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 28 თებერვალს სენატორებთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც ის დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრება.
უფრო კონკრეტულად კი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამა ზელენსკისა და ამერიკელი სენატორების დილის შეხვედრით დაიწყება. ამის შემდეგ ის თეთრ სახლში გაემგზავრება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის, რომელიც ვაშინგტონის დროით დაახლოებით 11:00 საათზე ოვალურ კაბინეტში დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე იგეგმება მედიისთვის მოკლე განცხადებები.
ორივე პრეზიდენტი ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე მედიისთვის განცხადებების გაკეთებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავს.
მანამდე გაფორმდება ე.წ „წიაღისეულის ხელშეკრულება“ – ორმხრივი ხელშეკრულება საინვესტიციო აღდგენის ფონდის წესებისა და პირობების დადგენის შესახებ.
შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ჰადსონის ინსტიტუტში გაემგზავრება, საღამოს კი უკრაინის სახლში უკრაინული თემის წარმომადგენლებს შეხვდება.