კალასი: დღეს ცხადი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი თეთრ სახლში შეხვედრის დროს ამერიკისა და უკრაინის ლიდერებს შორის მომხდარ უთანხმოებას გამოეხმაურა.

კაია კალასი

კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას და გაზრდის მის მხარდაჭერას, „რათა მან აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება შეძლოს“.

„უკრაინა ევროპაა! ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა მათ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება შეძლონ.

დღეს ცხადი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. ჩვენზე, ევროპელებზეა, დამოკიდებული, მივიღოთ ეს გამოწვევა“, – წერს კალასი.

 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან კამერების წინ კამათი მოუვიდა.

ტრამპი ზელენსკისთან სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“.

უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი ადრე დატოვა. ტრამპთან მისი ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა. მომხდარს თავად ზელენსკიც გამოეხმაურა.

„მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი X-ზე.