პარასკევს ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მძაფრ კამათში გადაიზარდა.
დონალდ ტრამპი: მე არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვდგავარ. მე შეერთებული შტატების მხარეს ვარ და მსოფლიოს სასიკეთოდ ვმოქმედებ. მე მსოფლიოს მხარეს ვარ. და მინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ხედავთ, როგორი სიძულვილი აქვს მას [ზელენსკის] პუტინის მიმართ. ძალიან რთულია შეთანხმების მიღწევა ასეთი სიძულვილის ფონზე. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს და ეს მესმის. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარეც სულაც არ არის მასზე შეყვარებული. ასე რომ, ეს მხარეების არჩევის საკითხი არ არის. მე მსოფლიოს მხარეს ვარ. მინდა, ყველაფერი დალაგდეს. მე ევროპის მხარესაც ვარ. მინდა ვნახო, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხის გადაწყვეტა. გინდათ, რომ მკაცრი ვიყო? შემიძლია ვიყო უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ. ძალიან მკაცრი ვიქნები. მაგრამ ამ გზით შეთანხმებას ვერასდროს მიაღწევთ.
ჯეი დი ვენსი: ოთხი წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრესკონფერენციებზე გამოდიოდა და ვლადიმირ პუტინზე მკაცრად საუბრობდა. შემდეგ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა, შესაძლოა, დიპლომატიურ ჩართულობაზე გადიოდეს. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის გზა – მკერდზე მუშტის ბრახუნი და იმის წარმოდგენა, თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მის მოქმედებებს. რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, არის დიპლომატია. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კარგი. მან [პუტინმა] დაიკავა ჩვენი ტერიტორიები, უკრაინის დიდი ნაწილი – აღმოსავლეთი და ყირიმი. ასე რომ, მან ეს 2014 წელს დაიკავა. მრავალი წლის განმავლობაში, მე მხოლოდ ბაიდენზე არ ვსაუბრობ. იმ დროს პრეზიდენტი ობამა იყო, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა კი – პრეზიდენტი ტრამპი. ახლა პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს მას, მაგრამ 2014 წელს არავინ შეაჩერა. მან უბრალოდ დაიკავა და წაიღო. მან ხალხი მოკლა.
დონალდ ტრამპი: 2015 წელს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: 2014 წელს.
ჯეი დი ვენსი: 2014 და 2015 წელს.
დონალდ ტრამპი: 2014 წელს მე აქ არ ვიყავი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლამდე არავინ შეაჩერა იგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ მასთან არაერთი საუბარი გვქონდა. ორმხრივი მოლაპარაკებები. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას მასთან. როგორც ახალმა პრეზიდენტმა, 2019 წელს მე მასთან ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს მაკრონმა და მერკელმაც. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტას. ყველა მათგანი მეუბნებოდა, რომ ის არასდროს წავიდოდა [უკრაინის წინააღმდეგ]. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან გაზის კონტრაქტსაც. გაზის კონტრაქტს. მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მან ჩვენი ხალხი მოკლა და არ განახორციელა ტყვეების გაცვლა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტყვეების გაცვლის შეთანხმებას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა დიპლომატიაზე საუბრობ, ჯეი დი? რას გულისხმობ?
ჯეი დი ვენსი: მე ვსაუბრობ იმ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას დაასრულებს. ვფიქრობ, რომ უპატივცემულობაა, ოვალურ კაბინეტში მოხვიდეთ და ამ საკითხზე კამათი გამართოთ ამერიკული მედიის წინაშე. ამჟამად თქვენ ძალით აგზავნით ახალწვეულებს ფრონტზე, რადგან ცოცხალი ძალის პრობლემა გაქვთ. თქვენ პრეზიდენტს მადლობა უნდა უხადოთ იმისთვის, რომ ის ცდილობს ამ კონფლიქტის დასრულებას.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში? თქვენ ამბობთ, რა პრობლემები გვაქვს. ერთხელ მაინც ჩამოდით.
ჯეი დი ვენსი: ვნახე სიუჟეტები და ვიცი, რაც ხდება. არ ეთანხმებით იმას, რომ პრობლემები გქონდათ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით?
ვოლოდიმირ ზელენსკი: პრობლემები გვაქვს.
ჯეი დი ვენსი: როგორ ფიქრობთ, პატივისცემის ნიშანია ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში მოსვლა და თავდასხმა ადმინისტრაციაზე, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს თქვენი ქვეყნის განადგურებას?
ვოლოდიმირ ზელენსკი: დავიწყოთ თავიდან.
ჯეი დი ვენსი: რა თქმა უნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პირველ რიგში, ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, თუნდაც თქვენ. მაგრამ თქვენ გაქვთ მშვენიერი ოკეანე და ახლა ვერ გრძნობთ ამას, მაგრამ მომავალში იგრძნობთ.
დონალდ ტრამპი: თქვენ ეს არ იცით.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ღმერთმა დაგლოცოთ, ომი არ გექნებათ.
დონალდ ტრამპი: ნუ გვეტყვით, რა უნდა ვიგრძნოთ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რა უნდა ვიგრძნოთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: არ გეუბნებით.
დონალდ ტრამპი: იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოთ ეს. დაიმახსოვრეთ ეს: თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ გვიკარნახოთ, თუ რას ვიგრძნობთ. ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიგრძნობთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თქვენ იგრძნობთ გავლენას. გეუბნებით.
დონალდ ტრამპი: ჩვენ თავს ძალიან კარგად და ძალიან ძლიერად ვიგრძნობთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თქვენ იგრძნობთ გავლენას.
დონალდ ტრამპი: თქვენ ახლა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში ხართ. თქვენ თავს უფლება მიეცით, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით. არ ხართ კარგ მდგომარეობაში. ახლა არ გაქვთ კოზირები.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მე არ ვთამაშობ ბანქოს. მე ძალიან სერიოზული ვარ, ბატონო პრეზიდენტო. მე ძალიან სერიოზული ვარ. მე ვარ პრეზიდენტი ომში…
დონალდ ტრამპი: თქვენ თამაშობთ ბანქოს. თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით. თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომით. და რასაც თქვენ აკეთებთ არის ძალიან დიდი უპატივცემულობა ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც მხარს გიჭერთ იმაზე მეტად, ვიდრე ბევრმა თქვა, რომ უნდა გქონდეთ.
ჯეი დი ვენსი: ამ შეხვედრაზე ერთხელ მაინც თქვით მადლობა? არა. [გასული წლის] ოქტომბერში [არჩევნების] წინ პენსლვანიაში ჩახვედით და საარჩევნო კამპანიაში მიიღეთ მონაწილეობა. მადლობა უთხარით აშშ-ს და პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ფიქრობთ, თუ ხმამაღლა ისაუბრებთ ომზე….
დონალდ ტრამპი: ის არ საუბრობს ხმამაღლა. თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია. არა, არა, მომისმინეთ. თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: შემიძლია ვუპასუხო?
დონალდ ტრამპი: არა, არა. თქვენ ბევრი ისაუბრეთ. თქვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცი.
დონალდ ტრამპი: თქვენ არ იმარჯვებთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ძლიერები. ომის დაწყებიდან მარტო ვიყავით. და მადლობელნი ვართ. ამ კაბინეტში მადლიერება გამოვხატე. არა მხოლოდ ამ კაბინეტში.
დონალდ ტრამპი: ჩვენ მოგეცით სულელი პრეზიდენტის [ჯო ბაიდენი] მეშვეობით 350 მილიარდი დოლარი. ჩვენ მოგეცით სამხედრო ტექნიკა. თქვენი სამხედროები მამაცები არიან, მაგრამ მათ უნდა გამოეყენებინათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა. რომ არ გქონოდათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა, ეს ომი ორ კვირაში დასრულდებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: სამ დღეში, ეს პუტინისგან მოსმენილი მაქვს.
დონალდ ტრამპი: შეიძლება ნაკლებიც. ამგვარად საქმის წარმართვა ძალიან რთულია.
ჯეი დი ვენსი: უბრალოდ თქვი მადლობა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბევრჯერ ვუთხარი უკვე მადლობა ამერიკელ ხალხს.
ჯეი დი ვენსი: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ცდებით.
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხისთვის კარგია იმის დანახვა, თუ რა ხდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გავაგრძელე ეს ასე დიდხანს. მადლიერი უნდა იყოთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლიერი ვარ.
დონალდ ტრამპი: ხელში კოზირები არ გიჭირავთ. ხალხი კვდება. ცოცხალი ძალის ნაკლებობა გაქვთ. მერე გვეუბნებით: „არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა. არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა. მინდა ეს, მინდა ის”. ახლა რომ შეგძლებოდათ ცეცხლის შეწყვეტის მიღება, გეტყოდით, მიიღეთ ის.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ომის შეჩერება.
დონალდ ტრამპი: მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ არ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მაგრამ მე გითხარით გარანტიებით.
დონალდ ტრამპი: მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან თქვენ მიიღებთ ცეცხლის შეწყვეტას უფრო სწრაფად, ვიდრე შეთანხმებას.
ვოლოდიმირ ზელენსკი: შეეკითხეთ ჩვენს ხალხს ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რას ფიქრობენ.
დონალდ ტრამპი: ეს ჩემთან არ მომხდარა, ეს იყო ბაიდენთან, რომელიც ჭკვიანი პიროვნება არაა. ობამა, რომელმაც ზეწრები მოგცათ, ხოლო მე „ჯაველინები“ მოგეცით. უფრო მადლიერი უნდა იყოთ. კიდევ ერთხელ. ხელში კოზირები არ გიჭირავთ.