ჯეი დი ვენსი: შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილება უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტია იქნება

შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილება უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტია იქნება, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში.

ჯეი დი ვენსი

ვენსმა ტრამპის სამშვიდობო გეგმას რეალისტური უწოდა, ევროპელ ლიდერებს კი მოუწოდა დაარწმუნონ ზელენსკი, რომ ომის გაგრძელება აღარ შეიძლება.

„ჩვენ გვინდა საქმე მშვიდობიან დარეგულირებამდე მივიყვანოთ. პრეზიდენტი ტრამპი ამას ცდილობს, მაგრამ ტანგოს ორნი ცეკვავენ. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ომის უსასრულოდ გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ არ შეგვიძლია ის დაუსრულებლად ვაფინანსოთ. არც უკრაინელებს შეუძლიათ მუდმივად ბრძოლა. ამიტომ, მოდით მივიყვანოთ საქმე მშვიდობიან მოგვარებამდე. ეს ერთადერთი გამოსავალია და მოვუწოდებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინს ამ გზას მიჰყვნენ. რაღაცაზე უარის თქმა რუსებსაც მოუწევთ და უკრაინელებსაც. როცა ვნახავთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკის პოზიცია შეიცვლება, დონალდ ტრამპი იქნება პირველი, ვინც ყურმილს აიღებს და პუტინს დაურეკავს. თუ კიევს ნამდვილად სურს უსაფრთხოების გარანტია, რომ რუსეთი მომავალში აღარ შეიჭრება უკრაინაში, მაშინ ამის საუკეთესო გარანტია შეერთებული შტატებისთვის უკრაინაში სამომავლო ეკონომიკური ინტერესის მიცემაა“, – თქვა ვენსმა.