დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას „არასწორი“ უწოდა, – ამის შესახებ Politico წერს.
ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის „თავდასხმები“ ზელენსკის მიმართ.
მისი თქმით, მისთვის „ძალიან რთული“ იყო 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დაპირისპირების ყურება.
„მას დიქტატორს უწოდებდნენ, ამბობდნენ, რომ მან დაიწყო ეს ომი, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა სუნაკმა.
სუნაკი ორჯერ ეწვია უკრაინას, როგორც პრემიერ-მინისტრი და იყო კიევის მთავარი მხარდამჭერი მისი მმართველობის პერიოდში. ეს პოლიტიკა გაგრძელდა მისი მემკვიდრის, კირ სტარმერის დროს.
სუნაკმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავდაცვაზე.