დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ კიევი მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით ზელენსკისგან დღეს დილით მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.

ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „ მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს.

„ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს სიგიჟე დასრულდეს, დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს, მკვლელობის შეჩერების დროა. თუ ომის დასრულება გსურს, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო“, – აღნიშნა ტრამპმა.