რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებების საკითხი ჯერ არ განიხილება, მაგრამ კრემლი მათ გასამართად საუკეთესო ადგილად მინსკს მიიჩნევს.
„ეს საკითხი არ დამდგარა და არც განხილულა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მინსკი საუკეთესო ადგილია. ის არის ჩვენი მთავარი მოკავშირე, ამიტომ ეს არის საუკეთესო ადგილი მოლაპარაკებებისთვის“, – აცხადებს პესკოვი.
პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რის შესახებაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვაში განაცხადა.
„საკითხი არის, ვისთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჯერჯერობით კვლავ ძალაშია სამართლებრივი აკრძალვა უკრაინის პრეზიდენტისთვის, აწარმოოს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. ამიტომ, მთლიანობაში, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ იცვლება“, – დასძენს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.