“საფრთხეში ვართ” – გერმანიაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეისწავლიან

გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული “ქრისტიან-დემოკრატიული” კავშირის ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხის შემოწმებას გეგმავს. ფრიდრიხ მერცის პარტიამ შეიტანა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და რომელიც 551 საპარლამენტო შეკითხვას მოიცავს. კრიტიკოსებმა გამოძიება შეაფასეს, როგორც თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე.

გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” “ევროპის სახალხო პარტიის” მთავარი წევრია. მემარჯვენე-ცენტრისტულმა “ევროპის სახალხო პარტიამ” უკვე დაიწყო კამპანია, რომელსაც მხარს უჭერენ მემარჯვენე “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები” და ულტრამემარჯვენე “პატრიოტები ევროპისთვის” – იმის შესამოწმებლად, გამოიყენებოდა თუ არა ევროკომისიის დაფინანსება მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბრიუსელში ლობირების მიზნით.

“გერმანელ კონსერვატორებსა და უნგრელ ულტრამემარჯვენეებს შეიძლება საერთო ცოტა რამ ჰქონდეთ, მაგრამ ისინი ერთ რამეზე თანხმდებიან: არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მტრების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებენ”, – წერს გამოცემა “პოლიტიკო”.