აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში „საღი აზრის რევოლუცია“ გამოაცხადა, რომელიც ამერიკასა და მთელ მსოფლიოს მოიცავს.
„ის, რაზეც მე ვისაუბრე, საღი აზრის რევოლუციის მცირე ნაწილია, რომელიც ჩვენს გამო ახლა მთელ მსოფლიოს მოედება. საღი აზრი საერთო თემად იქცა, და ჩვენ არასდროს დავბრუნდებით უკან, ამას არასდროს დავუშვებთ. ჩემი მთავარი პრიორიტეტებია: ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და არსებითი და მყისიერი დახმარების გაწევა ჩვენი მშრომელი ოჯახებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციური კოშმარი გვერგო“, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკამ ენერგომატარებლებსა და სურსათზე ხარჯების ზრდა გამოიწვია და მილიონობით ამერიკელისთვის პირველადი საჭიროების საგნები ხელმიუწვდომელი გახადა.
„მანამდე მათ არაფერი უნახავთ მსგავსი. ჩვენ ბოლო 48 წელიწადში ყველაზე ძლიერი ინფლაცია გადავიტანეთ, შესაძლოა, მთელი ისტორიის მანძილზე. როგორც პრეზიდენტი, მე ყოველდღე ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შევცვალო და ამერიკა კვლავ ხელმისაწვდომი გავხადო“, – თქვა მან.