„საფრანგეთი ერთგული და თავდადებული მოკავშირეა“ – მაკრონი გამოეხმაურა ტრამპის ეჭვებს ევროპელი მოკავშირეების მხრიდან აშშ-ის დახმარების თაობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას „არ სურს, დაიცვას ევროპელი მოკავშირეები, თუ ისინი არ გადაიხდიან“ და ეჭვობს, რომ მოკავშირეები შეერთებულ შტატებს არ დაეხმარებიან, თუკი ქვეყანას ეს დასჭირდა.

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის გარეთ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ სურს ნატოში ევროპელი მოკავშირეების დაცვა, თუ ისინი თავდაცვისთვის მეტს არ გადაიხდიან.

„ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ნატოსთან არის ის, რომ თუ შეერთებულ შტატებს პრობლემა შეექმნა და დაურეკა საფრანგეთს ან სხვა ქვეყნებს, რომლებსაც არ დავასახელებ, და მათ უთხრა, რომ პრობლემა გვაქვს, როგორ ფიქრობთ, მოვლენ და დაგვეხმარებიან, როგორც საჭიროა? დარწმუნებული არ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ეჭვების პასუხად მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი „ერთგული და თავდადებული მოკავშირეა“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი შეერთებულ შტატებს პატივისცემითა და მეგობრობით ეპყრობა და მისგან იგივე დამოკიდებულებას მოელის.

„ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეთს. ევროპელები თქვენთან ერთად იყვნენ ავღანეთში“, – აღნიშნა მაკრონმა.

მან ასევე გაიხსენა ფრანგი სამხედრო ოფიცრის მარკიზ დე ლაფაიეტის როლი აშშ-ის დამოუკიდებლობაში და აღნიშნა შეერთებული შტატების როლი ნაცისტური ოკუპაციისგან ევროპის გათავისუფლებაში.