აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინის წვდომა კომერციულ სატელიტურ სურათებზე, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანია Maxar-ის მეშვეობით შეიძინა. ამის შესახებ ეროვნული გეოსივრცითი-სადაზვერვო სააგენტო (NGA) და კომპანია Maxar იტყობინებიან, წერს CNN.
უკრაინა დიდი ხანია იყენებს Maxar-ის სატელიტურ სურათებს რუსული ჯარის გადაადგილების მონიტორინგისთვის, რელიეფის შესაფასებლად და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში დასახმარებლად.
სურათებზე, რომლებიც გადაღებულია Maxar-ის თანამგზავრების მიერ და შეძენილია NGA-ს მიერ, წვდომის შეჩერება მოჰყვა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან.
„Maxar-ს აქვს კონტრაქტები აშშ-ის მთავრობასთან და ათობით მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყოს სატელიტური გამოსახულება და სხვა გეოსივრცითი მონაცემები. თითოეული მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებს და გააზიარებს ამ მონაცემებს“, – განაცხადა Maxar-ის წარმომადგენელმა.
„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს. არანაირი ცვლილება არ არის ჩვენი სხვა მომხმარებლების მხარდაჭერის გზაზე და არც მათ პროგრამებსა თუ კონტრაქტებში“, – დაამატა კომპანიამ.
ცნობისთვის, მანამდე CNN-ი წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობამ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება „შეამცირა“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციებისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს, აშშ კვლავ აზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს თავის დასაცავად.