შეერთებულ შტატებთან მასიური დავების ფონზე, კანადის ლიბერალურმა პარტიამ პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მემკვიდრედ ყოფილი ბანკირი მარკ კარნი აირჩია. შიდაპარტიულ კენჭისყრაში მონაწილეთა 85,9 პროცენტმა კარნის დაუჭირა მხარი, რამდენიმე კანდიდატიდან, პარტიის ლიდერად და, შესაბამისად, მთავრობის მომავალ ხელმძღვანელად. ცენტრალური ბანკის ყოფილმა დირექტორმა კარნიმ მალევე გააკეთა საბრძოლო კომენტარები აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მისამართით, ამ უკანასკნელის მიერ კანადის წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით.
”ჩვენ არ დაგვიწყია ეს ბრძოლა” – თქვა კარნიმ პარტიის წევრებთან თავის გამოსვლაში, როდესაც იგი უკვე აირჩიეს პარტიის ახალ ლიდერად. ”მაგრამ კანადელები ყოველთვის მზად არიან, გამოწვევის მისაღებად, როდესაც ვინმე ხელთათმანებს ძირს დაყრის”, – დასძინა მან და იგულისხმა კანადის ეროვნულ სპორტში, ყინულის ჰოკეიში გავრცელებულ პრაქტიკაზე, როდესაც მუშტიკრივის დაწყების წინ, ჰოკეისტები ხელებიდან ხელთათმანებს იძრობენ. შეერთებულმა შტატებმა “არ უნდა დაუშვას შეცდომა”, – განაცხადა მარკ კარნიმ. “ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს!“.
მეზობელ ერთან კონფლიქტში, რომელიც ჯერ კიდევ მოკავშირედ ითვლება, სასწორზე დგას „კანადური ცხოვრების წესი“ თავისი „სიცოცხლის ხალისით, კულტურა და ფრანგული ენით“, განაგრძო კარნიმ თავის გამოსვლაში, რომელშიც მან ორი ეროვნული ენა, ინგლისური და ფრანგული, გამოიყენა.
”ამერიკელებს სურთ ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი მიწა”, – გააფრთხილა მან საზოგადოება და აღნიშნა, რომ ტრამპი თავს ესხმის „კანადელ მუშებს, ოჯახებსა და ბიზნესებს“. “ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მას წარმატების საშუალება”, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმინისტრობის ახალმა კანდიდატმა. ამის თავიდან ასაცილებლად კანადამ უნდა „აშენოს ახალი ეკონომიკა და შექმნას ახალი სავაჭრო ურთიერთობები“.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გადასცემს ტრუდო თავის მოვალეობას კარნის. სანამ პარტია მის მემკვიდრეს უყრიდა კენჭს, მან არ ისურვა ზუსტი თარიღის დასახელება და თქვა, რომ ლიბერალების ახალ ლიდერთან ერთად გადასვლის გრაფიკს შეადგენს.
კანადის რეგიონალური გუბერნატორი მერი საიმონი, თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურის, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური წარმომადგენელი, პასუხისმგებელია პრემიერმინისტრის ოფიციალურ დანიშვნაზე. საიმონი პარტიის ახალ ლიდერს მთავრობის ფორმირებას დაავალებს.
თუმცა, კარნის, შესაძლოა, მოკლე მმართველობის ვადა ჰქონდეს წინ, რადგან მიმდინარე წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები. თუკი გაიმარჯვებენ ოპოზიციური კონსერვატორები, ისინი დაასახელებენ ახალ პრემიერ-მინისტრს. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ოქტომბრის თვეში, მაგრამ თარიღი, შეიძლება, უკვე რამდენიმე კვირაში დაინიშნოს.