მასკი: სულ ერთია, რას ვფიქრობ უკრაინის პოლიტიკაზე, სტარლინკის ტერმინალებს არ გავთიშავ!

აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა და სატელიტური სისტემის “სტარლინკის” მმართველმა ილონ მასკმა, როგორც ჩანს, წერტილი დაუსვა მითქმა-მოთქმას იმის თაობაზე, გაუთიშავს იგი უკრაინის ჯარს სატელიტებზე წვდომას, თუ არა.

“გარკვევით და მკაფიოდ რომ ვთქვა: სულერთია, რამდენად არ უნდა ვეთანხმებოდე უკრაინის პოლიტიკას, მაგრამ სტარლინკი თავის ტერმინალებს არასოდეს გათიშავს” – დაწერა მასკმა თავისსავე “პლატფორმა იქს”-ზე გუშინ.

“ამას ჩვენ არასოდეს გავაკეთებთ და არც მოლაპარაკებებზე ზეგავლენის მოსახდენად გამოვიყენებთ” – აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, “სტარლინკს” უდიდესი მნიშნელობა აქვს მიმდინარე კონფლიქტში უკრაინისთვის. მანამდე იმავე მასკმა განაცხადა, რომ უკრაინას ფრონტი ჩამოეშლება, თუკი “სტარლინკი” გაითიშება, ხოლო თვით აშშ პრეზიდენტმა ტრამპმა არ გამორიცხა უკრაინისთვის ამ ტიპის დახმარების სრულად შეჩერების შესაძლებლობა.

ასევე დიდი აურზაური გამოიწვია მასკის მხრიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის შეურაცხმყოფელად მოხსენიებად, როდესაც მასკმა იგი “პატარა კაცად” მოიხსენია. მანამდე სიკორსკიმ შეახსენა მასკს, რომ უკრაინისთვის ინფორმაციების მიწოდება “სტარლინკიდან” პოლონეთის დახმარებით ხდება და პოლონეთი “სტარლინკისთვის” წელიწადში 50 მილიონ დოლარს იხდის.

ახლა, როგორც ჩანს, მასკმა კიდევ ერთხელ შეცვალა საკუთარი პოზიცია – საბოლოოდ. თუმცა “საბოლოო” ამერიკული გაგებით, შესაძლოა, ცოტა სხვა მნიშვნელობის სიტყვა აღმოჩნდეს.