როგორ ჩანს, “ოცნება” ცდილობს, ტრამპს კუდი უქიცინოს, რომ მათკენ გამოიხედოს

“ქოცნების” ლიდერები თავიანთ შოკისმომგვრელ აზრებსა და წარმოდგენებს საერთაშორისო სისტემაზე, ბოლო დროს, ძირითადად,  სოცქსელებში ავრცელებენ. ამ მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე შ. პაპუაშვილი გამოირჩევა, თუმცა მას მ. მდინარაძეც არ ჩამორჩა.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღეს ჩვენ “დიფ სთეით”-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ-მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა” აიღეს საკუთარ თავზე”. მისივე თქმით, “დიფ სთეით”-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.

გთავაზობთ მდინარაძის ნააზრევსა და შემდეგ, პროფესიონალი ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას კომენტარს, რომელიც “რეზონანსმა” გამოაქვეყნა რამაზ საყვარელიძის “აჯაფსანდალთან” ერთად. მასალას “აჯაფსანდლის” გარეშე გთავაზობთ:

მდინარაძე: „მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია…

“ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, “დიფ სთეით”-ის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ “დიფ სთეით”-ის პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ “დიფ სთეით”-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ – ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების.

მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა” აიღეს საკუთარ თავზე. ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.

შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც დახურეს USAID, NED და “დიფ სთეით”-ის კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ეგრეთწოდებულ მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ, “დიფ სთეით”-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.

საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა დღეში ჩააგდო “დიფ სთეით”-მა ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა.

მეორე მხრივ, უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია “დიფ სთეითი” ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი” ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო (მდინარეძე ამ კუთხით, პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძის პროგნოზს იმეორებს: რომ წარმოვიდგინოთ, ვითარება ასე გაგრძელდეს, გარდაუვალია ეკონომიკური კრიზისიც. მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. არჩევნებით ვითარება არ გაირკვა, არც ქუჩის მოვლენებით გაირკვა. რჩება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება (ამის ნიშნები უკვე არის, ეროვნულ ბანკს კბილებით უჭირავს ლარის კურსი) და ეს გზა გარდაუვალია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს აღარ დაამატებს არსებულ სანქციებს”, – red.). ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც, ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეტყობა რაიმე, არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას.

პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას “დიფ სტეით”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.

მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, – ეს არის რეალური ბრძოლა “დიფ სთეით”-ის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში “დიფ სთეით”-ის დამარცხება” – დაასკვნის მამუკა მდინარაძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მდინარაძის განცხადება წინასწარ თავის დაზღვევას ჰგავს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციამ მათი კრიტიკა გააგრძელა, მერე იტყვიან, რომ “დიფ სთეითი” ვერ დაამარცხა.

მაისაია: “ეს წინასწარ თავის დაზღვევას ჰყავს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც კრიტიკა გააგრძელა თქვან, რომ აი, ტრამპმა “დიფ სთეითი” ვერ დაამარცხაო. გებელსის მთავარი იდეა იყო – დიდი ტყუილი უნდა თქვა, რომ სიმართლეს ჰგავდესო, დაახლოებით ასე საუბრობს მდინარაძე. როგორ ჩანს, დღევანდელი დე ფატქო რეჟიმი ცდილობს ტრამპს კუდი უქიცინოს, რომ მათკენ გამოიხედოს.

ერთ-ერთი ბერკეტი საგარეო კუთხით იყო “იუ-ეს-ეიდი” და ეს როგორც თავად ტრამპი ამბობს, მოაგვარა და სხვა რაიმე “დიფ სთეითზე” ლაპარაკი ზედმეტია. აშშ- საქართველოს ურთიერთობის აღდგენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ჯერ-ჯერობით ტრამპმა საქართველოსთვის ვერ მოიცალა, ის ჯერ დიდ პროექტებშია ჩართული და ალბათ მაის-ივნისში მოიცლის ჩვენთვის.

ახლა მსოფლიო ფაქტობრივად ოთხპოლუსიანი გახდა – ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი. ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვენთან ჩინელების ჩართულობა შესაძლოა მიუღებელი და ერთგვარი წითელი ხაზი იყოს და ალბათ ამიტომაც აქ ჩინეთთან ურთიერთობაზე ისე აღარ საუბრობენ, როგორც ადრე.

თან ჩინეთს არ უყვარს ისეთი ქვეყნები, რომლებიც მას “აგდებენ” ხოლმე და შესაძლოა, პეკინისგან სერიოზული სანქციები წამოვიდეს არანაკლებ ძლიერი, ვიდრე ამერიკული, ივანიშვილის ხელისუფლებას ჩინეთის გადაკიდება ნამდვილად არ აწყობს.

“ოცნება” თავადაა ქართული “დიფ სთეითი”, რომელიც ერთგვარი უსაფრთხოების დილემის წინაშე აღმოჩდა, რომელმაც არ იცის, საით წავიდეს – “მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ და ხრამში გადავარდები, მარცხნივ წახვალ – თავს”, ასეა ახლა მათი საქმე.

ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაციას ჩვენდამი ინტერესი არ გამოუკვეთია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით ტრამპი აპირებს განავითაროს ცენტრალური აზრიის, ავღანეთის მიმართულება, კასპიის რესურსების ათვისება. ამასთან არის ირანის ფაქტორი, ასევე აშშ-ს ახალი გეოეკონომიკური პროქეტი დასავლეთი-სამხრეთის მიმართულება – ანტვერპენი-მუმბაის სატრანზიტო კორიდორის გაჭრა, სადაც საქართველოს როლი და ადგილი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ასევე, ჩინეთის ინტერესების ბლოკირება ანაკლიის პორტში და ჩინური ინტერესის ბლოკირება ევროკავშირის მიმართულებით” – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.