აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამების 83% ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ უქმდება. ამის შესახებ რუბიომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, „ათობით მილიარდი დოლარი“ დაიხარჯა 5 200 კონტრაქტზე, რომლებიც ახლა გაუქმებულია. როგორც რუბიომ აღნიშნა, თანხები „აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ დახარჯულა და ზოგიერთ შემთხვევაში, ზიანსაც კი აყენებდა“.
„კონგრესთან კონსულტაციის შედეგად ვაპირებთ, პროგრამების დარჩენილი 18% (დაახლოებით 1 000), რომლებსაც ვტოვებთ, ახლა უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
მადლობა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და ჩვენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად”, – წერს რუბიო.