საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნუ შეწუხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და უნდათ, რომ რეალობა იყოს ის, რაც მათ სურთ, დაინახონ, რასაც აქეზებენ, მხარს უჭერენ. ქართველი ხალხი ხედავს, რაც არის სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობის, რადიკალიზმის ტალღა დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და შემდეგ უნდათ, თავიანთი წარმოსახვა რეალობად წარმოგვიჩინონ.
რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, ბოლო გამოკითხვებით, რომელიც „ლე ფიგაროს“ მიერ იქნა ჩატარებული, ვხედავთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.