ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტს Air Force One-ის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება Reuters.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის „პაუზის“ მოხსნასთან ახლოსაა.
„ჩვენ თითქმის უკვე გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის დაზვერვის გაზიარების განბლოკვას.
როგორც სააგენტო წერს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან, როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის ნაწილი, რათა ეთანამშრომლა ტრამპთან რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან დადებით შედეგებს ელის. ამერიკელ ლიდერს სურს, დაადგინოს, არის თუ არა უკრაინა მზად, ომის დასრულების მიზნით, რუსეთის სასარგებლოდ მატერიალურ დათმობებზე წავიდეს.
„მჯერა, რომ ამ კვირაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერ-რიადში დელეგაციების შეხვედრის დროს წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმებაც განიხილება.
„ისინი ხელს მოაწერენ წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ მე მინდა, რომ მათ მშვიდობა სურდეთ. მათ ეს არ აჩვენეს ისე, როგორც საჭიროა“, – აღნიშნა მან.