ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კენჭისყრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი მოლდოვას დაეხმარება მისი სოციო-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებაში, სიმყარის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის წინ წაწევაში. ასევე, პაკეტი ისე არის შემუშავებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მოლდოვაზე მწვავე გავლენა შეამციროს.

ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ იქნა, რომ მოლდოვას 520 მილიონი ევრო გრანტების სახით გადაეცემა (წინასწარი ინიციატივა 100 მილიონ ევროზე იყო), ხოლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო დაბალპროცენტიანი სესხების სახით.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას 499-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

მოლდოვისთვის დახმარების პაკეტზე მოხსენება ევროპარლამენტარებმა ზიგფრიდ მურეშანმა და სვენ მიქსერმა მოამზადეს. მურეშანის თქმით, მოლდოვა დაფინანსების მიღებას უკვე აპრილში დაიწყებს.