ზელენსკიმ ამერიკელებს დასცინა – “ბოდიშს ვიხდი, პიჯაკი არ მაცვია”

საუდეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო დღეს, 11 მარტს. გუშინ, 10 მარტს, მოლაპარაკებების ფონის შექმნას სათავისოდ ორივე მხარე შეეცადა:

ახლო აღმოსავლეთში აშშ პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა “ფოქს ნიუსის” ეთერში განაცხადა, რომ “ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა [აშშ] პრეზიდენტს. მან ბოდიში მოიხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც ოვალურ კაბინეტში მოხდა”.

შეგახსენებთ, მანამდე, კონგრესში გამოსვლისას თავად ტრამპმა ახსენა “წერილი”, რომელიც ზელენსკის “ბოდიშს” შეიცავდა, თუმცა უკრაინულმა მხარემ ასეთი წერილის არსებობა არ დაადასტურა და ყველაფერი იმით აიხსნა, რომ ტრამპმა სოცქსელ “იქსზე” ზელენსკის პოსტი იგულისხმა, რომელშიც უკრაინელი “წუხილს” გამოთქვამდა მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით.

გუშინ, 10 მარტს, უიტკოფის ინტერვიუს პარალელურად, კიევში, ზელენსკიმ მიმართა “შევჩენკოს პრემიის” გადაცემის ცერემონიის მონაწილეებს, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას ირონიულად მოუხადა “ბოდიში“, კოსტიუმის არქონის გამო.

აშკარაა, რომ ზელენსკიმ ოვალური კაბინეტის ინციდენტი გაიხსენა და ეს სულაც არ იყო ამერიკელების მიმართ გამოხატული გულწრფელი ბოდიში.

ზელენსკის ამ ახალ გამოხდომას გამოეხმაურა ირლანდიელი ჟურნალისტი ჩეი ბოუზი, რომელმაც პლატფორმა “იქსზე” ზელენსკის განცხადებას “ცუდი კომედია” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკელების მორიგი დაცინვაა, – იუწყება “რია ნოვოსტი”.