მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.
ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. მანამდე, კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ვერ გადადებდა ბრალდებულების გამოუცხადებლობის გამო, რადგან ამას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, საქმიდან „ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოირიცხოს”, რადგან მისივე განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები.
„მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, იგი გაფლანგვის თანაშემსრულებლად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილსაც საქმიდან ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეიმურაზ ჯანაშიას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია. იგი გახლდათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მატერიალურად პასუხისმგებელი იყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების ბიუჯეტიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე, მან კი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობა მიანიჭა იმჟამინდელ პრეზიდენტს და იმოქმედა მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით.
თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებამ გამოიწვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 9 მილიონზე მეტი ლარით, მხოლოდ მატერიალურ ზიანშიც არ არის საქმე, არამედ – მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიადგათ რეპუტაციული ზიანი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კორუფციულ სალაროდ, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს მიადგა რეპუტაციული ზიანი, რადგან დადასტურდა, რომ თანამდებობა გამოყენებული იქნა პირადი მიზნებისთვის. რაც შეეხება საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს, ის გამოხატა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, რომელიც არის ხალხის ფული, უნდა იხარჯებოდეს ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა პირადი ინტერესებისთვის.
ასე რომ, თეიმურაზ ჯანაშიას ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ისეთი დანაშაულის, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მან სწორედ ამ დანაშაულისათვის უნდა აგოს პასუხი. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
2030 წლამდე ციხეში
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ამავე დღეს პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა საბიჯიუტო თანხების გაფლაგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის” 2007 წლის დარბევის საქმეზე.
მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სააკაშვილს დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. შესაბამისად, თუკი არსებული ვითარება არ შეიცვალა, სააკაშვილის 2030 წლამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა.
„მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე,
ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი”, – განაცხადა მოსამართლემ.
პოლიტიკური შეფასებები
სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილო გამოეხმაურა. მედიას წერილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააცნო.
„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ „ცხრა მილიონის პიჯაკი არ მგონია, სააკაშვილს ეყიდა, ასე რომ, ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს”.
მისი თქმით, რეალურად, საუბარი იყო ცხრა მილიონ ლარზე.
„ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ, მოიძიონ, იქ მასაჟები, ვიღაცისთვის ტელეფონის ყიდვა, მზარეულის ჩამოყვანა და ა.შ. მოკლედ, იმ საქმეს, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ, როგორც „პიჯაკების საქმეს”, რეალურად არის „ცხრა მილიონის საქმე”, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.
ცხრა მილიონის პიჯაკი არა მგონია, სააკაშვილს ეყიდა. ასე რომ, ეს იყო ის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს”, – განაცხადა კირცხალიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციაში არ გაკვირვებიათ და ამბობენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან „სასამართლო არის კორუმპირებული”.
„ეს მოსამართლე არის ამ „კლანის” ნაწილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, პირველი დღიდან ასეა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაპატიმრებულია. ამ გადაწყვეტილებაში აღსანიშნავი არის ერთი რამ, ამ სისტემამ ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება.
თემურ ჯანაშია იყო შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი. ეს სისტემა ბრუტალურია, ნებისმიერს დაიჭერს, ხელი არ აუკანკალდებათ, მაგრამ მათ მოერიდათ და შეეშინდათ საკუთარი დაცვების. ის ხალხი, ვინც მათ იცავს, ძალიან კარგად იცნობს თემურ ჯანაშიას, მათ მოერიდათ და საკუთარი დაცვის შეეშინდათ”, – განაცხადა უგულავამ.