აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა 11 მარტს სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს მოხდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ფონზე, რომელზეც უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, რეტკლიფი და ნარიშკინი შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ კონტაქტები, რათა დაეხმარონ „საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ და შეამცირონ დაპირისპირება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას მათ „განიხილეს ორი სპეცსამსახურის ურთიერთქმედების საკითხები საერთო ინტერესების მიმართულებით და კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტა“.
ბოლოს ნარიშკინმა სატელეფონო საუბარი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელთან 2023 წლის ზაფხულში გამართა. იმ დროს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობდა. 2022 წლის შემოდგომაზე ბერნსი და ნარიშკინი თურქეთში პირადად შეხვდნენ ერთმანეთს.