გრენლანდიაში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობენ პარტიები, რომლებიც კუნძულის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს

გრენლანდიაში ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს ოპოზიციური პარტია „დემოკრატები“, რომელიც კუნძულის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. ამ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 29,9% მიიღო. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

არჩევნები გრენლანდიაში

„დემოკრატების“ ლიდერმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ ის მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს სხვა პარტიებთან, რათა მთავრობის ფორმირება მოხდეს. კუნძულის დამოუკიდებლობის გარდა, „დემოკრატები“ გადასახადების შემცირებას, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას და სოციალური დახმარებების გაზრდას უჭერენ მხარს. 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში „დემოკრატებმა“ მხოლოდ 9% მიიღეს.

გრენლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე კიდევ ერთმა, მემარცხენე პარტიამ Naleraq-მა 24,5% მიიღო. მისი ლიდერები მომდევნო 4 წლის განმავლობაში გრენლანდიის დამოუკიდებლობის საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას გეგმავენ. ასევე ეს პარტია აშშ-სთან თავდაცვითი შეთანხმების გაფორმების მომხრეა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან არჩევნებში 21,4% მიიღო. ეს პარტიაც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა.

გრენლანდიაში არჩევნები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადებების ფონზე ჩატარდა. მან განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება და შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს. ეს განცხადება ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ მალევე გააკეთა და ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ დანიისგან გრენლანდიის შეძენას გეგმავს, ხოლო თუ ის დამოუკიდებელი გახდება, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს სამხედრო ბაზების განთავსებისა და გრენლანდიაში არსებული რესურსების მოპოვების სანაცვლოდ.