კრემლი აშშ-ისგან უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მეტ ინფორმაციას ელის

რუსეთი ამერიკისგან საუდის არაბეთში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ მეტ დეტალებს ელის, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვი

მისი თქმით, კრემლი ყურადღებით სწავლობს განცხადებებს, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„ჩვენ აგრეთვე არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, უმაღლეს დონეზე სატელეფონო საუბარიც გახდეს საჭირო. თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება, ის ძალიან სწრაფად იქნება ორგანიზებული. ამერიკელებთან არსებული დიალოგის არხები ამის გაკეთების საშუალებას შემჭიდროებულ ვადებში იძლევა“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანს აგრეთვე დაუსვეს კითხვა, ხელსაყრელია თუ არა რუსეთისთვის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ მოსკოვმა ჯერ ვაშინგტონისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია.

მან დასძინა, რომ მოლაპარაკებების დეტალები მათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ ოლცმა უნდა გადასცენ.

„ამ დღეებში ჩვენ ამერიკელებთან კონტაქტები გვაქვს დაგეგმილი, რა დროსაც იმედი გვაქვს, რომ სრული ინფორმაცია მოგვეწოდება“, – აღნიშნა პესკოვმა.