კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს დროებითი ზავი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში. ამის შესახებ რუსული მედია „კომერსანტი“ იუწყება.
უშაკოვის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ომის გრძელვადიანი მოგვარებით და არა ზავით.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანია გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ წუხილებს. მეჩვენება, რომ ზოგიერთი ნაბიჯი, რომელიც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას ახდენს, ამ სიტუაციაში არავის სჭირდება“, – განაცხადა უშაკოვმა ტელეკომპანია Russia-1-ის ეთერში.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხზე შემდგომი ერთობლივი მუშაობისას რუსეთის პოზიციას გაითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი დღეს მოსკოვში ჩავიდა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღესვე გაიმართოს.