მთავარი > ახალი ამბები > პუტინი სამხედრო ფორმაში - რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)
პუტინი სამხედრო ფორმაში – რუსეთის პრეზიდენტი კურსკში ჩავიდა: რას აცხადებენ იქ არსებულ ვითარებაზე რუსული და უკრაინული მხარეები? (ფოტოები)
13.03.2025 13:56
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირველად ეწვია კურსკის რეგიონს მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კურსკის გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პუტინის კურსკში ვიზიტის კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ მას სამხედრო ფორმა აცვია. ის იმყოფებოდა სამხედრო ცენტრში, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებს.
“უმოკლეს დროში უნდა დავამარხოთ საბოლოოდ კურსკის რეგიონში გამაგრებული მტერი”, – ასე მიმართა მან სამხედროებს.
მან ასევე მოისმინა მოხსენება რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისგან, რომელმაც თქვა, რომ ახლა უკრაინის ჯარი კურსკში ალყაშია და მიმდინარეობს მათი სისტემატური განადგურება. პუტინის თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლონ რეგიონი უკრაინული ჯარებისგან.
“ადამიანები, რომლებიც კურსკის რეგიონში არიან, რომლებიც სჩადიან დანაშაულს აქ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეწინააღმდეგებიან ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავ უწყებებს და სპეცსამსახურებს, … არიან ადამიანები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ტერორისტებს“, – აღნიშნა პუტინმა.
პარალელურად კურსკში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ. მისი თქმით, რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას შემოგარენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს
“მტერი იყენებს საჰაერო-სადესანტო ჯარების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, რათა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, განდევნოს ჩვენი ჯარები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან და გადაიტანოს სამხედრო ოპერაციები სუმისა და ხარკოვის ოლქებში. ყველაფრის ფასად ცდილობს რა პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მტერმა უკვე განიცადა და კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს კურსკის ოლქში“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოპერაციის დაწყებიდან, 2024 წლის 6 აგვისტოდან, რუსული ჯარების ჯამური დანაკარგები 54.9 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენს, მათგან 22.2 ათასზე მეტი დაღუპულია. 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ ჩავარდა.
სირსკის მტკიცებით, რუსები უპრეცედენტო თავდასხმებს ახორციელებენ საკუთარ დასახლებულ პუნქტებზე. ქალაქ სუჯაზე საჰაერო დარტყმების გამო ეს დასახლება თითქმის მთლიანად განადგურდა.