ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ლატვია საქართველოს ეპყრობა დასაგმობია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ ლიეტუვა, ლატვიაც და ესტონეთიც საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთის ფედერაციასთან.
„ლიეტუვა, ლატვიაც და ესტონეთიც საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად განცხადებებისა, რომლებსაც ისინი აკეთებენ. ლატვიის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსია. აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ორმაგი სტანდარტია დასაგმობი, რომლითაც ლატვია მიმართავს საქართველოს, ეპყრობა საქართველოს, აგზავნის თავის საგარეო საქმეთა მინისტრს იმისათვის, რათა საქართველოში ხელი შეუწყოს და ენერგია შემატოს რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ აქციებს. საქართველო არასოდეს გამოყენებულა სანქციების დასარღვევად ან რუსეთის ფედერაციისთვის ხელშესაწყობად, რათა სანქციებს აუაროს გვერდი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ლატვიური ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა და რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობდა. ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ეარბალტიკი“ 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე, რუსული კომპანიისგან თვითმფრინავების საწვავს ყიდულობდა, რითაც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ავიაკომპანიამ სანქცირებული კომპანიისგან საერთო ჯამში 3 000-ზე მეტი ტონა საწვავი შეიძინა, რისი ჯამური ღირებულებაც, 2 მილიონ დოლარს აღემატება. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ნავთობი სავარაუდოდ, ჯერ მესამე ქვეყანაში გადიოდა, შემდეგ ის „ეარბალტიკს“ ლატვიაში შეჰქონდა. ავიაკომპანიაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. ოფიციალური მონაცემებით, „ეარბალტიკის“ 97%-ს, ლატვიის მთავრობა ფლობს.