იმედი ევროპისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, დიდი ხანია მკვდარია, თუმცა ამის დანახვა არ გვინდა

„გავუფრთხილდეთ წარსულს, თუ გვინდა რომ გვქონდეს მომავალი!“

„უნიჭობაზე შეგიძლია თამამად ილაპარაკო, არვინ თავის თავზე არ მიიღებს“.

თამაზ ჭილიძის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამები იმიტომ მოვიყვანე, რომ შეესატყვისება თანამედროვე საქართველოს გადაგვარებულ აზროვნებას — ჩემს გონებაში ადგილს რომ არ მიტოვებს სხვაგვარი შეფასებისთვის.

პირველი გამონათქვამი არათუ საყურადღებო და გასაფრთხილებელია ყოველ წამს, წუთს, საათს — ჭარბი ყურადღების მისაქცევი და არა სასწორზე შესადები, არამედ გასათვალისწინებელი. რეალობა კი ისეთია, ვერაფრით დაარწმუნებთ თავს ქართველთა საზრიან მოქმედებაში.

ბატონი თამაზის მეორე გამონათქვამი ისაა, რაც ყველას გვჭირს — მას უნიჭობა ჰქვია, მაგრამ დაბეჯითებით ვამტკიცებთ საწინააღმდეგოს. გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, რამდენჯერ გითქვამთ — ქართველები, ნიჭიერი ხალხი ვართო და ამ მრავლობითობაში საკუთარი თავიც მიგითვლიათ?!

მახსენდება შუახნის მეზობელი მამაკაცის შეუვალი განცხადება — რაში გვჯობია რუსებიო! ქართველები რომ ყველას ვჯობნით, ისეა ჩაბუდებული ჩვენს გონებაში, რომ მისი ამოშლა შეუძლებელია. ასე იყო კომუნისტური სისტემის დროს, ასეა დღესაც, ოღონდ მოჭარბებულად, საფრთხის გამომწვევად.

კომუნისტურ წარსულში სხვაზე ჩვენს პრიორიტეტულობას საფრთხე ვერ მოჰყვებოდა სისტემის, ინტერნაციონალური აღზრდის ფართოდ გაშლილი მეცადინეობის გამო. ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ანბანს ბავშვს სკოლის პირველი კლასიდან ასწავლიდნენ, მანამდე საბავშვო ბაღში, ხოლო სახლში, ინტერნაციონალიზმის ფილოსოფიაზე აღზრდილი მშობლები.

დამოუკიდებლობამ, თავისუფლებამ, სუვერენიტეტმა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ნაციონალური გრძნობები გააღვიძა, ჩაბუდებული ტვინის კუნჭულში და უბრძანა მას — ახლა შენი დროა, იმოქმედეო!

და მანაც იმოქმედა, მანამდე სპორტული პაექრობის დროს ამოფრქვეული „ეროვნული პატრიოტიზმი“, ამჯერად პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტანა, შესაბამისი უმძიმესი შედეგებით.

„წყობა, სადაც ტალანტური და მოწადინებული ბავშვი, უსახსრობის გამო, სწავლას ვერ მიიღებს და დაიკარგება — მახინჯი წყობაა, გინდ მონარქია ერქვას, გინდ დემოკრატია და გინდაც ნეტართა კუნძული“ — დავით წერედიანი. გადახედეთ ჩვენს  საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს თუნდაც ზერელედ, თვალი შეავლეთ წვიმის შემდეგ სოკოებივით წამოზრდილ უნივერსიტეტებს (68), აკადემიებს, იქ „მოღვაწე“ აღმზრდელებს, მასწავლებლებს, პროფესორებს და გულახდილად თქვით — იმ საბჭოთა პერიოდში, საშუალო სკოლაში მასწავლებლები რომ გვასწავლიდნენ, ამათთან შედარებით აკადემიკოსები არ იყვნენ?

ნამდვილი აკადემიკოსები და არა ვითომ, ისეთი, როგორიც ერთი ჩემი ნაცნობი „პრარაბი“ დღეს რომ საერთაშორისო საკითხებზე, სხვის მიერ დაწერილს, ხელს აწერს — სამშენებლო დარგის აკადემიკოსიო.

წინა სტატიაში აჭარის ყოფილ მეთაურ ასლან აბაშიძეზე მოგახსენეთ, გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან გამომდინარე და მასზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ვიტყვი ფილმში გატარებულ ლაიტმოტივის — გადარჩენის შესახებ. ქართულ საზოგადოებას, როგორც სიტყვის მასალა, ისე აკერია  პირზე — გადავრჩებით?

ანალოგიური რამ არის ფილმში, ნაწარმოებში — გადავრჩებით, გადავრჩებით? ან გვეშველება რამე?

აი, როდესაც ამ სიტყვებს გულიდან ვიტყვით და არა პირიდან, მაშინ გაჩნდება სურვილი გადარჩენისთვის რაღაცის კეთების; როდესაც განათლების სისტემა, მანამდე ოჯახი ბავშვს, ადამიანს, ხალხს გაზრდის პატრიოტად, ინტერნაციონალისტად, სხვათა მიმართ ტოლერანტად; როდესაც თავს დავანებებთ ყოყოჩობას, ბაქიაობას, უმადურობას, უპატივცემულობას იმათ მიმართ, ვინც ხელი გაგვიმართა, …

და ისევ ფილმი — ასლან აბაშიძის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე წინა პლანზე იყო წამოწეული, როგორც გადარჩენის, ისე შენების, ფეხზე მტკიცედ დგომის საკითხიც, თუმცა ერთხელაც არ იყო ნახსენები რუსეთი, რომელმაც აჭარა დაიცვა ქართველ „ურდოთა“ შესევისგან; დაეთანხმა ასლანს ზღვის სანაპირო ზოლში, ბათუმის შესასვლელთან გაშენებული სამხედრო დანიშნულების სახლების დანგრევასა და ბათუმის შემოგარენში გადატანაზე.

გვერიდება  ვთქვათ რუსეთის სიკეთეზე, რაც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, აჭარისთვის, რომელიც 3 საუკუნის განმავლობაში თურქეთის შემადგენელი ნაწილი იყო და რომ არა რუსეთი, აჭარა დღესაც თურქეთისა იქნებოდა.

შეგახსენებთ: 1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) სტამბოლის ახლოს, დაბა სან-სტეფანიაში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-19 მუხლი ეხებოდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას, რომელიც თურქეთს, რუსეთთან ომში დამარცხებულს, უნდა დაებრუნებინა რუსეთისთვის ან ფული 1410 მილიონი რუბლი.

ომის შედეგად დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას არ აღმოაჩნდა ასეთი თანხა და ნაცვლად ტერიტორიები დაუბრუნა რუსეთის იმპერიას, მათ შორის ბათუმი და ბათუმის ოლქი. ასე რომ, დღევანდელი აჭარის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა არა მარტო რუსეთის იმპერიის დამსახურებაა, არამედ ბოლშევიკური რუსეთის, რომელმაც საქართველო, სომხეთ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ყარსის ხელშეკრულება გააფორმა, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციით.

საქართველოს არც ერთ თავის მეზობელთან არ აქვს გაფორმებული სასაზღვრო ხელშეკრულება, გარდა თურქეთისა და ისიც ბოლშევიკთა წყალობით.

რუსეთის იმპერიამ მიიღო ტერიტორიები, შემდგომში აჭარის ავტონომიად წოდებული — საქართველოს შემადგენლობაში. რომ არ ყოფილიყო რუსეთის იმპერია,  საქართველოში აჭარა არ იქნებოდა. საქართველო ვერასდროს დაიბრუნებდა თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. უფრო მეტიც, თვით საქართველოს დასავლეთი თურქეთისა იქნებოდა. ანუ განმტკიცდებოდა 1555 წლის სპარსეთ-თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის შინაარსის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთისა იყო, დასავლეთი — თურქეთის.

დამოუკიდებელმა მენშევიკურმა საქართველომ, საკუთარი სუვერენიტეტის აღიარებისთვის თურქეთს, „საზარელი“ რუსეთის იმპერიის სისხლით მოპოვებული ტერიტორიული საგანძური — აჭარა დაუბრუნა.

გასაბჭოებულ საქართველოს, უფრო სწორად ბოლშევიკურ რუსეთს უდიდესი შრომა დასჭირდა მენშევიკთა მჩატე პოლიტიკის და ხელგაშლილობის აღმოსაფხვრელად, ბათუმისა და მისი ოლქის უკან დასაბრუნებლად.

წამით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ — რა იქნებოდა საქართველო აჭარის გარეშე?

თუმცა, როგორც ჩანს, თანამედროვე ქართველობას ნაკლებად დაადარდებდა შავი ზღვის ამ ზოლის მისთვის არ არსებობა — აჭარის სახელით, ისე, როგორც არ ადარდებს აფხაზეთის დაკარგვა.

წინა სტატიაში აღვნიშნე აფხაზეთის, ისე, როგორც დანარჩენი საქართველოს სამთავროების ცენტრიდან დაშორებაზე, სხვა ცენტრისკენ სვლაზე, მათთან საერთო ენის გამოძებნაზე. აფხაზეთმა გამოძებნა ასეთი ცენტრი, უფრო სწორად ცენტრები რუსეთ-თურქეთის სახით და ასე იცხოვრა ბოლშევიკურ რევოლუციამდე. გასაბჭოების შემდეგ, აფხაზეთი, 10 წლის განმავლობაში, საქართველოს სსრ-ს მსგავსი სტატუსის მატარებელი იყო და ალბათ ასეთად დარჩებოდა, რომ არა ბოლშევიკური რუსეთის, სტალინისა და ბერიას გადაწყვეტილება აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შემოყვანისთვის.

ისევ რუსეთი?

დიახ! ისევ რუსეთი. და რომ არა ის, აფხაზეთი საქართველოსთვის ისეთივე ტერიტორია იქნებოდა, როგორიც  სარფის იქითა ტერიტორია — თურქეთისა რომ არის.

გასული საუკუნის მძიმე 90-იანი წლების დასაწყისში თბილის-სოხუმს შორის გაჩენილმა ახალმა დაპირისპირებამ, ომში გადაზრდილმა, ისეთი რამ იცის, როგორიც მოსკოვის მხრიდან წაყრუებაა.

ელცინმა შეგნებულად თვალი დახუჭა და საქართველოს მეთაურს შევარდნაძეს მისცა საშუალება აფხაზეთში შეჭრის და იქ გამაგრების. საქართველოს ლაშქარი კიტოვან-იოსელიანის მეთაურობით, ვითომ რკინიგზის დაცვის მიზნით, შევარდა აფხაზეთში და რუსეთის საზღვრამდე მივიდა. თბილისმა, ისე, როგორც დანარჩენმა საქართველომ ისეთი ვიდეოკადრები იხილა, როგორიც გენერალ ყარყარაშვილის მიერ მდინარე ფსოუს წყლის დალევა იყო.

ყარყარაშვილიმა წყალი კი დალია, მაგრამ ძალაუფლება ქართულმა ლაშქარმა ვერ შეინარჩუნა, ვინაიდან „მოროდიორობას“, ძარცვა-გლეჯვას, აფხაზთა დამცირებასა და შეურაცხყოფას მიჰყო ხელი, რამაც დამფრთხალი, შეშინებული აფხაზები გამოაფხიზლა და საპასუხო ნაბიჯებიც გადაადგმევინა. თუ რით დასრულდა, პასუხი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ ვიცით რუსეთის მხრიდან გაწეული დახმარება აფხაზეთზე, იერიშის მიტანამდე — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან მძიმე შეიარაღების გადმოცემა, სხვა სამხედრო ტექნიკის და დაპირება ორი კვირის განმავლობაში არ ჩარევასთან დაკავშირებით, ვიდრე ფეხს არ მოვიკიდებდით იქ.

ვერ მოვიკიდეთ! რუსეთი, მიუხედავად აფხაზეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიაში  შექმნილი ვითარებისა, ჩვენი მისამართით გამოვლენილი უკმაყოფილებისა, ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის დაკავებას.

გავიხსენოთ ისიც, რომ რუსეთთმა მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნა აფხაზეთისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც ეკონომიკურის გარდა, კომუნიკაციასაც ეხებოდა.

აფხაზეთის ომში რუსეთის არმია არ  ჩარეულა. ცხადია, იყვნენ მოხალისეები ჩრდილო კავკასიის ავტონომიური ფორმირებებიდან. იყვნენ უკრაინელებიც, მაგრამ ჩვენ, ჩვენივე უნიათობით მიღებული მარცხიდან თავისმართლების მიზნით, ხმამაღლა ვყვირით — აფხაზეთში რუსეთთან დავმარცხდით და არა აფხაზებთან, რომ არა რუსეთი, ომს მოვუგებდით აფხაზებსო.

დამარცხებულმა სახელმწიფოს მეთაურმა, შევარდნაძემ თბილისში დააფუძნა აფხაზეთის ხელისუფლება. ამასთანავე შექმნა სამინისტრო, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ორივე გადაწყვეტილება იყო და არის ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფო თანხების გამფლანგველი.

საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ აფხაზეთის დეპუტატები, ვიდრე სააკაშვილმა არ ჩამოართვა მათ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი, რაც უდავოდ სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ აფხაზეთთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდათ. უფრო მეტიც, მათ იქ აღარ ჩაესვლებოდათ. სააკაშვილმა ვეღარ გაბედა სხვა ნაბიჯის გადადგმა — თბილისში აფხაზეთის ხელისუფლების ლიკვიდაცია.

ეს ხელისუფლება დღესაც არსებობს — საკანონმდებლო-აღმასრულებლის სტატუსით,  დეპუტატებით, მინისტრებით, აპარატებით, მაგრამ არა ტერიტორიით, ავტონომიით.

გვყავს აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში და ვმართავთ ჟენევის მოლაპარაკებებს აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან. წესით, მოლაპარაკება თბილისში უნდა გავმართოთ, ვინაიდან აფხაზეთის ხელისუფლება ხომ აქ გყვავს?!

თავს ვიტყუებთ და ვითომ სხვასაც ვატყუებთ. სხვათაშორის, ნამდვილ აფხაზებს, რომლებთან არაერთი წლის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა ავსტრია-გერმანიაში, არაერთხელ უთქვამთ — აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში გყავთ და მათ დაელაპარაკეთო.

„ოცნების“ პოლიტიკამ აქაც დაუშვა შეცდომა და არ გააუქმა შევარდნაძის უსაფუძვლო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, არ დაელაპარაკა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის; დაუჯერა დასავლეთს — საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

ევროატლანტიკურ სივრცეს შესანიშნავი თვისება აქვს — ჩვენისთანა სუსტი და ბრიყვი ქვეყნებისთვის დაპირება, დროში გაწელილი დაპირება! ზერელე მოლაპარაკებების წარმოება, რომელთა მიზანი ერთია — დროს გაყვანა.

ცხინვალის ომის შემდეგ იმდენი წელი გავიდა, რომ აღარც გვახსოვს იმჟამინდელ-ამჟამინდელებს, შუა საუკუნეები გვგონია. ამჟამინდელებს, ვინც იმ „პატრიოტიზმს“ არ შესწრებია, ვინაიდან ჩანასახშიაც არ იყვნენ ან ისეთი პატარები იყვნენ, ომობანას კომპიუტერში რომ თამაშობდნენ, სულაც არ აინტერესებთ შედეგები, 2008 წლის ცხინვალს რომ მოჰყვა — ფორმალურად საქართველოში შემავალი ავტონომიების სტატუსის, რეალობაში გადასვლა.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ცნობილია, როგორ „იბრძოდნენ“ ჩვენი ევროატლანტიკელი პარტნიორები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

„იღვწოდნენ“ და დღესაც „იღვწიან“, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარება არ აძლევთ მათ ხელს ჩვენს სასარგებლოდ შემოაბრუნონ ბედის ბორბალი. ნაცვლად ხელში შეგვრჩა ბუბა კიკაბიძის სიმღერა „ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს“ …

იმჟამინდელები მიწიერი ცხოვრებიდან, სამარადისოში გადავალთ და ამჟამინდელებიც, მაგრამ ბედის ბორბალი საქართველოს მიმართულებით არ დატრიალდება, მითუმეტეს ევროატლანტიკურში მოღვაწე პოლიტიკოსების ხელით.

ვისი ხელითაც შეიძლებოდა იმ ბორბლის ჩვენსკენ დატრიალება ვლანძღეთ, ვაგინეთ, ვაფურთხეთ და ისე შევაქციეთ ზურგი, როგორც ტრამპმა უკრაინას. ჩვენს ძმადნაფიც ქვეყანას, უკრაინისა და საქართველოს ძმობა უფრო მტკიცედ და ბუნებრივად ჩავთვალეთ, ვიდრე საქართველოსა და რუსეთის მრავალსაუკუნოვანი.

ვფიქრობ და ვერაფრით გამიგია, რატომ არის საქართველოსთვის უკრაინა უფრო საყვარელი, ვიდრე რუსეთი? ალბათ იმიტომ, რომ ისიც ევროპელობას იჩემებს, როგორც ჩვენ? ისიც, ისე ლანძღავს რუსეთს, როგორც ჩვენ?

უკრაინას, ჩვენთან შედარებით ხიბლი და უპირატესობა აქვს. მისი ლიდერი, თანამედროვე ჩერჩილად წოდებული, ფორტეპიანოზე ხელაწეული, ასოთი უკრავს. ჩვენმა ლიდერებმა, ჯერ-ჯერობით ვერადავერ აიყვანეს თავიანთი პროფესიონალიზმი ზელენსკის დონეზე.

ტაკიმასხარას პრეზიდენტობა ისე ხიბლავს დასავლეთს, რომ ჩერჩილის სახელიც არ დაიშურეს მისთვის. ოღონდ რუსეთს ეომოს, რუსები ხოცოს და ჩერჩილს კი არა, ქრისტეს შეარქმევენ. ერთმა ინგლისელმა ენამოსწრებულმა ჟურნალისტმა ასე თქვა — ჩერჩილსა და ზელენსკის შორის არის პატარა განსხვავება — ჩერჩილს არასდროს დაუკრავს ფორტეპიანოზე ისე, როგორც ზელენსკისო.

პოლიტიკოსს, რომ ეტყვი ჩერჩილი ხარო, იშვიათად იფიქრებს საწინააღმდეგოზე, მაგრამ გაპრეზიდენტებული ტაკიმასხარა უეჭველად ჩერჩილადაც ჩათვლის თავს და ნაპოლეონადაც.

რუსეთის სიძულვილით შეპყრობილი ზელენსკი ძვირი უჯდება დასავლეთს, თუმცა იხტიბარს არ იტეხს და საკუთარ თავს არწმუნებს, რომ უკრაინა გამოძებნის ძალებს, კონტრშეტევაზე გადავა და რუსეთს კუდით ქვას ასროლინებს.

ამ ზღაპრის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ მმართველს სჯერა, დანარჩენებს სკეპტიკური განწყობა აქვთ.

უკრაინის გამარჯვების იმედი აღარც აშშ-ს დემოკრატიულ პარტიას აქვს — უკრაინის ომის გამჩაღებელს. რომ აღარაფერი ვთქვათ რესპუბლიკელებზე, პრეზიდენტ ტრემპზე, რომელიც საჯაროდ წინასწარმეტყველებს უკრაინის შავბნელ მომავალს და მოუწოდებს ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ.

სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე ზელენსკის თანხმობის მიღება იყო მთავარი საკითხი თეთრ სახლში მოლაპარაკების გამართვის, რასაც უნდა მოჰყოლოდა აშშ-უკრაინის ხელშეკრულების გაფორმება — წიაღისეულის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. ხელმოწერის შემდეგ დაგეგმილი იყო სტუმრის პატივსაცემი ლანჩი, მაგრამ არც ლანჩი გაიმართა და არც ხელმოწერა, ვინაიდან პროტოკოლური საუბარი ჟურნალისტების თანდასწრებით ისეთ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არც ერთ მაღალი დონის მოლაპარაკებას რომ არ ახსოვს.

მასპინძელი თავიდანვე გააღიზიანა ოფიციალური ღონისძიებისთვის ზელენსკის მიუღებელმა ჩაცმულობამ.

მახსოვს, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ციპრასის პატივსაცემი. ხელის ჩამორთმევის დროს ერდოღანმა თავი ვერ შეიკავა და სტუმარს უთხრა — უჰალსტუხოდ რატომ ხარო. ციპრასმა უპასუხა — მერე გავიკეთებო. ერდოღანმა უჰალსტუხო სტუმარი თურქეთისადმი უპატივცემულობად მიიჩნია. არადა, ციპრასი, ის პოლიტიკოსი იყო, ვინც ჰალსტუხს არ იკეთებდა — გაღელილი პერანგის საყელოთი იყო ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ზელენსკის ჩაცმულობა თეთრი სახლის პროტოკოლს უნდა მოეგვარებინა იქ მისვლამდე.

გავიხსენებ 2 ისტორიას. ერთი, აშშ-ს უკავშირდება, მეორე — დიდ ბრიტანეთს. ორივე ჩემთან არის დაკავშირებული. პირველი — აშშ-ი ერთ-ერთი ვიზიტი საბჭოთა კავშირის ხელოვნების მუშაკებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად იყო. დელეგაციაში იყვენ ცნობილი რეჟისორები მენშოვი და შახნაზაროვი. მენშოვი იმ წელს „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვა, მაგრამ მიზეზთა გამო დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო. ჯილდოს მიღების მინი ცერემონიალი მენშოვის ამერიკაში ყოფნის დროს გაიმართებოდა.

ლოს-ანჟელოსში ჩასვლისთანავე შეგვატყობინეს ცერემონიალის გამართვის დროც და ჩაცმულობაც. მენშოვმა მთხოვა გამერკვია ცერემონიალის დეტალები.  მასპინძლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ფრაკებით უნდა მივსულიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში არ შეგვიშვებდნენ.

ფრაკები არ გვაქვსო ვუთხარი. არაუშავს, აქვე ახლოს არის მაღაზია, რომელიც ფრაკებს აქირავებსო. იძულებული ვიყავით მივსულიყავით მაღაზიაში, სადაც შესაბამისად გამოგვაწყვეს.

მეორე — ლონდონში გამართული მიღება იყო, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. მიღება, ალა-ფურშეტი, ლონდონში ჩაფრენიდან 2 საათში იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ჩემი ჩემოდანი აეროპორტში ვერ მოიძებნა და თანმხლებმა მასპინძლებმა მითხრეს — სასტუმროში განთავსდით და იქ მოგიტანთო. დელეგაცია განგვათავსეს სასტუმროში და გვითხრეს, რომელ საათზე გავემგზავრებოდით მიღებაზე. სვიტერსა და ჯინსებში ჩაცმული ჩავედი სასტუმროს ფოიეში, რათა მასპინძლებისთვის მეთქვა, რომ ჩემოდანი ჯერაც ვერ მომიტანეს და მიღებას ვერ დავესწრებითქო. მასპინძელმა თანმხლებმა პირებმა დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ წვეულებაზე სვიტერსა და ჯინსებში დავეშვი.

გავიხსენებ კრემლში ჟურნალისტებთან პუტინის სახელდახელო პრეს-კონპერენციას — ფეხზე დგომით. პუტინმა თვალი მოჰკრა დახეულჯინსიან ჟურნალისტს, რომელსაც მიუთითა, რომ კრემლში ასეთი ჯინსით არ დადიანო. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ეს მოდააო — მიუგო ჟურნალისტმა. პუტინმა თავისი გააგრძელა — თუ ფული არ გაქვს, მე მოგცემ, შარვალი იყიდეო.

ოვალურ კაბინეტში მყოფ ზელენსკის ჟურნალისტმაც ჰკითხა — აქვს თუ არა მას კოსტუმი, და თუ აქვს, თეთრ სახლში ოფიციალური მიღების დროს რატომ არ აცვიაო. რაზეც ზელენსკიმ აგდებულად უპასუხა — მაქვს, შენზე უკეთესიო.

ნარკოტიკგაჭყეპილი ზელენსკი თავს ისე გრძნობს, როგორც მსოფლიოს ბატონ-პატრონი. ბატონო ვიცე-პრეზიდენტოს ნაცვლად, მან ვენსს სახელით ჯეი დი მიმართა, როგორც ძმაკაცს და არა როგორც ოფიციალურ პირს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, რაც თვით ამერიკელების ბრალია, განსაკუთრებით დემოკრატიული ადმინისტრაციის, რომელმაც ზელენსკის გათავხედებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველებს გვაქვს გამოთქმა, რომელიც სრულიად მიესადაგება ზელენსკის — „ღორის ტილს, რომ  ფეხზე დაისვამ, თავზე აგაღოღდებაო“. ზელენსკის უზრდელობამ თვით მისი უკრაინელი თანმხლებნი გამოიყვანა მოთმინებიდან და ცრემლები აღვრევინა ადმინისტრაციის უფროსს ერმაკს და აშშ-ი უკრაინის ელჩს მარკაროვას. ორივე ისე ტიროდა, თითქოს გარდაცვლილი ზელენსკის ცხედართან იყვნენ. ცოცხალი ზელენსკი კი ყბედობდა, რომელსაც ხშირად ტრამპი აწყვეტინებდა სიტყვას, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო, როგორც პოლიტიკოსი. ზელენსკიმ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი. ვეჭვობ, რომ შემორჩეს უკრაინის პრეზიდენტობას.

ზელენსკიმ ვერ მოზომა. მას თავი ავადმყოფ ბაიდენთან ეგონა ან ევროპელ ლიდერებთან. ამ უკანასკნელებთან ისეა შეთამამებული, თითქოს ის არის ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერი და არა გაძვალტყავებული უკრაინის, რომელსაც მიწაც გაუყიდეს ამერიკულ კომპანიებზე, ახლა წიაღისეულს ართმევენ. ნამუსზე და სუვერენიტეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ეს ორი, უკრაინამ, კლოუნი პრეზიდენტის და მისი ამერიკელ-ევროპელი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ეგოისტური მოქმედებით რახანია დაკარგა. თუ მიწა უკრაინელის აღარ არის, თუ წიაღისეულიც აღარ იქნება, რისთვის იბრძვის ან რისთვის უნდა მოიკლას თავი უკრაინელმა ჯარისკაცმა?

ასე იცის სხვაზე ჩამოკიდებამ, სხვისმა გაღმერთებამ, საკუთარი თავის დარწმუნებამ, რომ უკრაინისა და უკრაინელისთვის დასავლეთი თავს გაწირავს.

არ გაწირავს! და ეს ვერ შეიგნო უკრაინამ, ვიდრე კატასტროფის წინაშე არ დადგა.

ვერც ჩვენ შევიგნეთ 2008 წელს და დასავლეთის მოიმედემ, ომი დავუწყეთ რუსეთს. საქართველო, უკრაინისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. და არა იმიტომ, რომ უკრაინამ ჩათვალა, რომ რაც საქართველოს აგემა 2008 წელს დასავლეთმა, უკრაინას არ აგემებდა. პირიქით, გულში ჩაიკრავდა, ნატოსა და ევროკავშირში შეიყვანდა, და „უკრაინა ცე ევროპა“ კი არა, ნამდვილი ევროპა იქნებოდა, ევროპაზე მეტი.

რა? განა უკრაინას, შავი ზღვის გამთხრელს, ქრისტეს მშობ ქვეყანას, ფრანგის, გერმანელის, ინგლისელის ფუძეს არ ეკუთვნის ევროპელობაზე უფრო მეტი სტატუსი?

ეკუთვნის! უბადრუკი ტაკიმასხარა ზელენსკი დაარწმუნეს უკრაინის სიდიადეში. კოკაინშესუნთქულს, ისეთი მოჩვენებები აქვს, ღმერთს რომ უტოლდება — ზეცაში ფრიალში.

ამ ზღაპრული ფრენიდან, სიზმარის მსგავსიდან, ტრამპმა გამოიყვანა. პრაგმატულმა პოლიტიკოსმა, რომელსაც ზეცაში არაფერი ესაქმება. მისი ადგილი მიწაზეა, ამერიკაშია, საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარებაშია, რაშიც მას ხელს უშლის უკრაინაში მიმდინარე ომში მილიარდობით დოლარის ყრა.

პრაქტიკოს პრეზიდენტს, ფულის ყადრის მცოდნეს, ხელმომჭირნეს არათუ უკრაინისთვის არ სურს ფულის ხარჯვა, არამედ ევროპისთვისაც. ამერიკა სულაც არ არის ვალდებული დიდი ფული ხარჯოს თქვენი უსაფრთხოებისთვის — ეუბნება ის დაბნეულ ევროპას.

არის ასეთი რუსული გამოთქმა — „პომატროსილი ი ბროსილი“-ო. ეს, მეზღვაურებზეა ნათქვამი — მრავალთვიანი ცურვის შემდეგ, ნაპირს რომ შეესევიან სქესობრივი შიმშილის დასაკმაყოფილებლად და იმედით აღვსილ ქალებს, პირში ჩალაგამოვლებულებს რომ ტოვებენ.

ამერიკა სწორედ იმ მეზღვაურის ამპლუაშია, უკრაინა რომ გააუპატიურა და მიატოვა. მართალია, ჯერ ბოლომდე არ მიუტოვებია, მაგრამ აღარაფერი აკლია.

უკრაინაზე რომ ვწერ, წინ საქართველო მიდგას და მისი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ომიც დააწყებინეს და სხვა სიბინძურეებიც აკეთებინეს, ახლა კი არვინ იხსენებს. არვინ ყვირის ამერიკაში — თავისუფლება სააკაშვილსო. სააკაშვილმა, თავისი სიბრიყვით, ჩათვალა რომ აშშ-ს ჯილაა, დემოკრატიის შუქურა და თავი განსაცდელში ჩაიყენა, რაც ნაკლებ აღელვებას იწვევს საზოგადოების უმრავლესობაში. მაგრამ სააკაშვილმა, თავისი სიბრიყვით და ამერიკელთა მიმართ მონური მორჩილებით, საქართველო ჩააყენა მძიმე დღეში.

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ტყუილად ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ დასავლელი „პარტნიორები“ აგვისრულებდნენ ამ საწადელს. გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, მატყუარა, კორუმპირებული ქალბატონი — თავმჯდომარე ევროკავშირისა, ხელის ერთი აქნევით მოგვიგვარებდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ან მამალივით გაფხორილი საფრანგეთის პრეზიდენტი, მაკრონი — მატყუარა, ფლიდი პოლიტიკოსი გადაგვიჭრიდა საკითხებს.

არ გამოვიდა. და არც გამოვა, ვინაიდან მათ ამის სურვილი არ აქვთ. ვისაც სურვილი ჰქონდა, ზედაც არ შევხედეთ, მისი წინადადება აბუჩად ავიგდეთ და იმ დღიდან მოყოლებული ვლანძღავთ.

ქართული პოლიტიკა ისეა გატაცებული ევროპელობით, რომ რეალობასაც ვეღარ ხედავს. რეალობა კი ისაა, ევროპა ის ევროპა არაა, ჩვენ გვეგონა. დღევანდელ ევროპასთან — ეკონომიკურ-მორალურად დეგრადირებულთან მჭიდრო კავშირი რომ გვქონდეს, თავის გადარჩენის გზებს უნდა ვეძებდეთ და არა თავის განადგურების.

შეხედეთ უკრაინას, რა დღეში ჩააგდეს — 30 წლის წინათ ძლიერი და დაპურებული.

შეხედეთ, რა ჩაიდინეს რუმინეთში, როდესაც ოპოზიციონერ პრეზიდენტობის კანდიდატს ჯორჯესკუს კრემლის კაცობა დასწამეს და არჩევნები გაუუქმეს.

შეხედეთ, რა დღეში ჰყავთ უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ორბანი და ფიცო, ვინაიდან ისინი სიმართლეს ამბობენ უკრაინასთან მიმართებაში.

ევროკავშირში არსებულ განუკითხაობაზე და არადემოკრატიულობაზე, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა, მიუნხენის კონფერენციაზე ბრძანა — არ არის დასაფიქრებელი ე.წ. ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის?

არის, მაგრამ თან არ არის, ვინაიდან, რომ იტყვიან — „იმედი ბოლოს კვდება“. არადა, იმედი ევროპისა, რომელიც ჩვენ გვაქვს, დიდი ხანია მკვდარია, თუმცა ამის დანახვა არ გვინდა.

აი, ამ უაზრო ევროპისკენ ვერბალურ ფარფატში ბოლო 13 წელი გავლიეთ, „ოცნების“ მიერ დაპირებული 13 წელი რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ (ივანიშვილის ტერმინი) არ შევასრულეთ. არ გავიხედეთ რუსეთისკენ და მანაც ჩათვალა, რომ ჩვენ, მასთან არაფერი გვაქვს გასაყოფი. რაც გვქონდა, ის გავყავით 2008 წელს და შედეგით კმაყოფილები ვართ.

არ ვართო, — იტყვით. დიახ! არ ვართ, მაგრამ ვინ უთხრა კრემლს ოფიციალურად ამის შესახებ?

არც არავინ! იქ, ბოლო 13 წლის განმავლობაში არვინ გამოჩენილა ხელისუფლებიდან. და არვინ გამოჩენილა დასავლეთის შიშით, ისე, როგორც შიდა ოპოზიციის.

რა მივიღეთ?

აფხაზეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, მასში გამარჯვებული ბადრა გუნბას ვიზიტი მოსკოვში და პრეზიდენტ პუტინთან დიალოგი, რომელსაც თან ახლდა მოსკოვის მიერ აფხაზეთში ჩასატარებელი ეკონომიკურ-სოციალური პროგრამების შეჯერება. ნაწილი ამ პროგრამებისა უკვე წარმოებაშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი აფხაზეთს აღარ დაგვითმობს, როგორც არ უნდა ჩავეხუტოთ მას.

დავაგვიანეთ! ევროპელთა დაპირებებმა დაგვაგვიანა.

ახლა სხვაზე უნდა ვიფიქროთ, სხვა პრობლემებზე, სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ-ჯერობით ჩვენია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების არ არსებობით, სხვისი შეიძლება გახდეს.

საქართველოს პოლიტიკა, ისე, როგორც საზოგადოება ვერ მიხვდა, რომ ჩვენი გადარჩენის გზა ისაა, რაც იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში და არა ის, რაც გვაქვს ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი