რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ვიზიტებზე აკრძალვას აუქმებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუს ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გაუუქმა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სოხუმი

„აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრე გავრცელებულ რეკომენდაციებს აუქმებს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აფხაზეთში გამგზავრება სურთ, შეუძლიათ საკუთარი გეგმების რეალიზაცია დაიწყონ. კვლავ შენარჩუნებულია მოქცევის სტანდარტული წესები, განსაკუთრებით ღამის საათებში და პოტენციურად საშიშ ადგილებში აუცილებელია სიფრთხილე. ასევე მათ პატივი უნდა სცენ ადგილობრივ ჩვეულებებსა და ტრადიციებს“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის პრეზიდენტმა ილია უმანსკიმ განაცხადა, რომ ტურისტული დარგი „მოუთმენლად ელის“ აფხაზეთში ტურების გაყიდვის შესაძლებლობას.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუს ტურისტებს აფხაზეთში ვიზიტებისგან თავის შეკავებისკენ 2024 წლის ნოემბერში მოუწოდა. გადაწყვეტილება სოხუმში საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, რასაც დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.