ისევ აზრთა სხვადასხვაობა – ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ერთობა კითხვის ქვეშაა

ოპოზიციაში უკვე არის მინიშნებები იმაზე, რომ შესაძლოა 31 მარტისთვის დაგეგმილი დიდი ერთობა ჩაიშალოს, რადგან მათ წრეში არიან ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გარეშემო გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებს უჭირთ კონკრეტული პირებისა და პოლიტიკური აქტორების დასახელება, თუ ვინ შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, თუმცა მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება არავის უნდა.

„არ ვიცი ვინაა ამ ერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცი რასაც უფრთხიან. უფრთხიან სწორედ იმას, რომ ამომრჩევლებმა ისევ ერთ ქვაბში არ მოხარშონ, დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ასევე ფიქრობს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს „ნაცმოძრაობასთან” გაერთიანება არ სურთ:

„ოპოზიციაში ბევრი მეგულება ისეთი, რომელიც შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, უპირველეს ყოვლისა ის ოთხი პარტია, რომელებმაც ბარიერს გადააბიჯეს. გაერთიანება იმ ადამიანებთან, რომლების (ხელისუფლებაში) მოსვლა ხალხს არ სურდა და სწორედ ამიტომ მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას”, ბუნებრივია, ეს მათთვის წამგებიანია”.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე 31 მარტის საპროტესტო აქცია განვიხილეთ. მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დღე გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე”, არც ცალკე პარტიაზე, არც პრეზიდენტზეც, არამედ ეს დამოკიდებულია მთელ პოლიტიკურ სპექტრზე.

„ნაციონალურ მოძრაობა” მომხრე იყო ერთიანი ფრონტის, მათ შორის, არჩევნებამდეც. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, მოკლე და უტყუარი გზა გამარჯვებამდე. თუ ამას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ აცნობიერებენ, იძულებითი ფორმით ვერავინ ვერავის აიძულებს გაერთიანებას.

„31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ბოლო ვადა ამ დისკუსიის. მიზანშეწონილი არ არის ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს, ყველაზე ფუნდამენტური პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი. საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის დავიწყება იქნებოდა სწორი ნაბიჯი. პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ვინ ეწინააღმდეგება ერთობას

რამაზ საყვარელიძის აზრით, ბარიერგადალახულ პარტიებს ურჩევნიათ მარტო დარჩნენ, ვიდრე ვინმესთან გაერთიანდნენ.

„ოპოზიციაში ბევრი მეგულება ისეთი, რომელიც შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, უპირველეს ყოვლისა ის ოთხი პარტია, რომელებმაც ბარიერს გადააბიჯეს. საერთოდ ეგრეა – გაჭირვების დროს გვინდა, რომ ხელი ჩავჭიდოთ ადამიანებმა ერთმანეთს, მაგრამ როცა დალხენილი ვარ და მიმაჩნია, რომ ჩემზე ღონიერი არავინაა, „ვაშა”-ს ვიძახი და სხვებს კეთილი თვალით კი ვუყურებ, თუმცა გაერთიანების სურვილი აღარ მაქვს.

„ინდივიდუალური წესები ეგეთია და მგონი პოლიტიკოსებიც ასეთი წესი მოქმედებენ. ყველაზე გაჭირვებულები კი ისინი არიან, ვინც იმ ოთხის იქით დარჩნენ. ასეთია „გირჩი”, რომელიც მეეჭვება ამ გაერთიანების მომხრე იყოს, მას უფრო დიდი გეგმები აქვს.

„შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ „ნაცმოძრაობასთან” ერთად არ უნდათ. გაერთიანება იმ ადამიანებთან, რომლების (ხელისუფლებაში) მოსვლა ხალხს არ სურდა და სწორედ ამიტომ მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას”, ბუნებრივია, ეს მათთვის წამგებიანია. გარდა ამისა, არც ვინმე ჩანს ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებისთვის მომგებიანი იქნება, იგივე სალომე ზურაბიშვილი. მას არ აქვს ის რეიტინგი, რომ ჩავთვალოთ, რომ ვინც მასთან ახლოს დადგება, მისი შარავანდები მასაც გადაედება”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ოპოზიციური პარტიების ნაწილს არ უნდა „ნაცმოძრაობასთან” ერთ ქვაბში მოხარშვა. მისივე თქმით, ძალიან ბუდოვანია ამ ერთობის იდეა, ამიტომ უმჯობესია, თუ მოწოდებების ნაცვლად რეალურ მოქმედებებზე გადავლენ.

„ოპოზიციურ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ჩამოყალიბებული მყარი შეხედულებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელმაც ხმა უნდა მისცეს, ეწინააღმდეგება ამ დიდ ერთობას, ანუ „ნაციონალების”, „ახლების” და სხვების ერთად ყოფნას. მითუმეტეს, როცა კეთდება საკმაოდ ბუნდოვანი განცხადებები ოპოზიციური ლიდერები მხრიდან. ვერ გაიგებ – ლაპარაკი არის, დავუშვათ, 31 მარტის აქციის ერთად ორგანიზებაზე, თუ ზოგადად ოპოზიციის გაერთიანებზე?

„საზოგადოების ამ ნაწილს ზუსტად ბოკუჩავას და „ნაციონალური მოძრაობის” მიუღებლობა აქვს. ბოკუჩავა არაფერს კარგავს, თუ არ იძენს, თუმცა სხვები კარგავენ ამ გაერთიანებით. როცა ოპოზიცია რაიმე ერთობაზე თუ კოორდნიაციაზე ლაპარაკობს, უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, თუ რა ერთობას გულისხმობს, რისთვის და რატომ. თუ ეს არის მიმავალი გზა იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში დიდი ერთობა ჩამოყალიბდეს, რასაც ბოკუჩავაც მიესალმება, სააკაშვილიც და სხვათა შორის ნიკა გვარამიაც არ იყო წინააღმდეგი. ახლა არ ვიცი რა ხდება, მაშინ ეს სხვა ერთობაა.

„მე მკითხაობას ვერ დავიწყებ, არ ვიცი ვინაა ამ ერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცი რასაც უფრთხიან. უფრთხიან სწორედ იმას, რომ ამომრჩევლებმა ისევ ერთ ქვაბში არ მოხარშონ, დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები. ესაა რეალობა და ამას როგორ უნდა უშველოს ოპოზიციამ, ამაზე უნდა დასხდნენ და იფიქრონ. მარტო მოწოდებებით საქმე არ კეთდება”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.