გურამ მაჭარაშვილი – „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმას“ პანაშვიდებს უხდიან

„რადიო თავისუფლებისგან“ და „ამერიკის ხმისგან“ არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში დემოკრატია უკან მიდის და ახლა უკვე პანაშვიდებს უხდიან „რადიო თავისუფლებასაც“ და „ამერიკის ხმასაც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც აცხადებდა, რომ  ასევე „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არის“.

„შაჰინის განცხადებაც გვახსოვს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არისო და ახლა უკან, პოლიტიკიდან საერთოდ თავად წავიდა. ასე ხდება, როცა უსამართლოდ იქცევი და განცხადებებს აკეთებ. ერთი კვირის წინ ინიციატორებს „მეგობარი აქტი“ თავზე გადაახიეს. შეუძლიათ, ასეთი სახის დოკუმენტები გადაკეცონ და არქივში შეინახონ, რაც იმაში გამოადგებათ, როგორი არ უნდა იყოს „მეგობარი აქტი“ სხვა ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გაუუქმა.