გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი უკვე მეორედ მოიპარეს.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა-ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.

ეკლესიის სტიქაროსანი  უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ  მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

,,გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული”- ამბობს ქემაშვილი.

ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.