“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ქცევის ნორმები ონლაინ მედიებსა და მათ სოციალურ ქსელის პლატფორმებზეც გავრცელდება. “ქართული ოცნების” განმარტებით, ეს არ შეეხება კერძო პირებს. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული და შესაბამის კომიტეტებში იხილება.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ მედიაორგანიზაციებს “ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში” ჯარიმები 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დაეკისრება, კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება აღსასრულებლად არ მიექცევა.
როგორც გორდულაძემ 17 მარტს კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა “მმართველ გუნდს არ დასწამონ ცილი, რომ სურს, მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევა და მათ მიმართ ჯარიმების და გაფრთხილებების მექანიზმების მომენტალურად, ყოველგვარი დროის გარეშე ამოქმედება”.
პირველი კანონპროექტის თანახმად, საუბარი იყო დეტალურ რეგულაციებზე ტელე და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები.
რატომ ემატება ონლაინმედია და მათი სოც პლატფორმები?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნების” გადაწყვეტილება “არსებული რეალობიდან გამომდინარეა”.
“მედიის კანონში” ქცევის ნორმები თუ ონლაინ მედიასა და მათ სოც ქსელებზეც გავრცელდება, ეს არის არსებული რეალობიდან გამოწვეული. კერძოდ იმ რეალობიდან, რომელიც ზოგიერთმა სოციალურმა მედიამ შექმნა (და არა ყველამ) ტყუილებისა და ცილისწამების გავრცელებით და ა.შ.
“ვფიქრობ ეს აუცილებელია იქიდან გამომდინარე, თუ რაც ჩვენს საზოგადოებაშია დღეს სოციალური ქსელებისა და ონლაინ მედიისგან შექმნილი.
“არ ვთვლი, რომ ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა, პირიქით, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ისაა, როცა ოპოზიცია ტყუილს მართლად ასაღებს და მართალს ტყუილად, რომელიც სინამდვილეში ოპოზიცია კი არა, “მეხუთე კოლონაა”, რომელსაც საქართველოს ომში ჩაბმა უნდოდა”,- განაცხადა გვენეტაძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია გაანადგუროს.
“ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოში გაანადგურონ დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო სექტორი, აქ პირველ რიგში თავისუფალი მედიაა. ხშირად პოლიტიკოსები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, რას გააკეთებენ ესაა მთავარი და არა რასაც ამბობენ, საუბარი ხშირად თვალის ახვევისთვის, დროის გაყვანისთვის და ყურადღების გადატანისთვისაა საჭირო ხოლმე.
“ტრამპმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტს 24 საათში მოვაგვარებო და ახლა ამბობს, რომ შეიძლება მოვაგვარო, შეიძლება ვერაო, რაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. ასევე საქართველოშიც და “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც, რაც არჩევნები დამთავრდა, მათ ეგონათ, რომ სამოქალაქო სექტორის და მედიის აქტიურობას შეასუსტებდნენ და ახალ წლამდე ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდა. “ოცნება” ქვეყანას კი არ მართავს, ერთადერთი რასაც აკეთებს ესაა, რომ პროტესტის მასშტაბები როგორმე შეასუსტოს.
“კანონდმდებლობა და ყველაფერი ამ მიმართულებით მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში მათ გაანადგურებს. აშკარად ხედავენ, რომ არ ჰყოფნით ძალა გაუმკლავდნენ საზოგადოებაში არსებულ პროტესტის მუხტს. მემგონი საბოლოო ჯამში დამარცხდებიან, მაგრამ ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ასეთი ჩხირკედელაობით და კედელზე ცერცვის შეყრით პროტესტის მუხტის დაგდებას მოახერხებენ.
“მათ არაფერი რესურსი არ გააჩნიათ, ეს არ არის არც ბელარუსი, არც ვენესუელა, ან სხვა რომელიმე ავტორიტარული სახელმწიფო. რუსეთთან არაფერი ოფიციალური დოკუმენტიც კი არ აქვთ ბელარუსივით გაფორმებული, რომ რუსეთი დაეხმაროთ. ვერანაირი “ქართული ოცნების” ავტორიტარიზმი ვერ გაუმკლავდება საქართველოს მოქალაქეების პროტესტს. ეს მათ კარგად იციან და ისიც იციან, რომ ძალიან ღრმად შეტოპეს, მაგრამ უკან ვერ გამოდიან და ასეთი გადაწყვეტილებები მათ კიდევ მეტად უფრო გააუცხოვებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში “ოცნებას” დაამარცხებს”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რა სანქციები შეიძლება დაწესდეს ონლაინმედიასა და სოც პლატფორმებზე
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კონკრეტული პლატფორმის დახურვამდე შესაძლოა არ მივიდეს საქმე და მხოლოდ ჯარიმებით შემოიფარგლონ.
“ჩემი აზრით, კონკრეტული პლატფორმის დახურვაზე არ იქნება, ჯარიმები იქნება და ჯარიმებს რომ გადაიხდიან მიხვდებიან, რომ არ უნდა გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ “რეზონანსთან”.
კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს ის ბერკეტი, რომელიც ონლაინ მედიისა და სოც პლატფორმებზე ქცევის ნორმებს გასაზღვრავს, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ “ოცნებას” სუსტი ბერკეტები აქვს და უკვე მიღებული ე.წ. რუსული კანონიც კანონიც სათანადოდ ვერ აამოქმედეს.
“ძალიან სუსტი ბერკეტები აქვთ, “რუსული კანონიც” კი ვერ აამოქმედეს, აშკარად ჯარიმებს შემოიღებენ. ვინც სოციალურ ქსელებში რაღაც დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს, ალბათ ამ ხალხის მიმართ დევნა იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ მათ რამე მოახერხონ. რაც კი წამოიწყეს, ყველაფერი ჩამოეშალათ და ჯერ ვერაფერს ვერ მიაღწიეს.
“ას დღეზე მეტია გამოსვლები გრძელდება და ამას ვერაფერს ვერ უშვრებიან. რაც არუნდა ბერკეტი მოიგონონ, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც რესურსები გააჩნია, რომ გააჩეროს, განდევნოს ოპოზიცია, მედია, თუ სამოქალაქო სექტორი, მას ძალიან სუსტი პოზიციები აქვს, ამიტომ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს და ბრძოლა უნდა განაგრძოს, ვისაც მიაჩნია, რომ თუ დღეს საქართველო დამარცხდა,როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მერე მართლა რუსეთს მიუერთდება და ბელარუსი გახდება. ვიდრე ბელარუსი გახდება, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაჩეროთ”,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “რეზონანსთან”.
რას აცხადებენ “ოცნებაში”
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, ქცევის ნორმები ონლაინ მედიებსა და მათ სოციალური ქსელის პლატფორმებზეც გავრცელდება.
„როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუყწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.
“წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.
“ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომენტის და ინტერნეტჰოსტინგს. ეს არის შინაარსი რაც იქნება მეორე მოსმენის ფორმატში უფრო ზუსტი დეფინიციით წარდგენილი “, – თქვა გორდულაძემ.