საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების აქტუალური საკითხები

მსოფლიოში განვითარებულმა პოლიტიკურმა და განსაკუთრებით, სამხედრო მოვლენებმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ახალი გამოწვევები გააჩინა, რადგან ბრძოლის ველზე მათი სტანდარტები XXI საუკუნის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებენ. მოცემული ვითარება აქტუალური უნდა გახდეს საქართველოსთვის და კერძოდ, მისი თავდაცვის ძალებისთვის, საბრძოლო უნარების, მზადყოფნის ამაღლებისა და თანამედროვე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.

როგორც ისტორია გვასწავლის, ლოკალური ომები და შეიარაღებული კონფლიქტები გარკვეული ქვეყნებისთვის პოლიტიკური ამოცანების მიღწევასთან ერთად, სამხედრო ხელოვნების განვითარება და გლობალური ომისთვის მომზადებაა. ასეთი სახის კონფლიქტები იდეალურ შესაძლებლობას იძლევა ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეებზე გადაიხედოს ბრძოლის ახალი ფორმების, ახალი სტრუქტურის, საბრძოლო და ზურგის უზრუნველყოფის პრინციპები. ასევე, ახალი საბრძოლო, ტექნიკური და ზურგის საშუალებების გამოცდა დროის რეალურ მონაკვეთში, საომარი ვითარების უშუალო პროცესში.

პირველი საკითხია, მოტივირებულ წვევამდელთა აღზრდა ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებულ თავდაცვის ძალებში მსახურობისთვის. მათთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სამშობლოს, ქვეყნის დაცვა და არა მხოლოდ ჰონორარი, ან რაიმე სხვა მატერიალური სარგებელი.

მეორე საკითხია, თავდაცვითი ძალების დაკომპლექტება წვევამდელთა კონტიგენტის პრინციპით. გარკვეული დროის შემდეგ, შერეულ წვევამდელ-საკონტრაქტო ფორმაზე გადაყვანა და ბოლო ეტაპი – სრულად საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას – ამაღლდეს ბრძოლისუნარიანობა, მოხდეს თაობათა ცვლა, ჩამოყალიბდეს საბრძოლო უნარჩვევების გაცვლის პრინციპი, აგრეთვე, ქვეყანაში შეიქმნას სარეზერვო კონტიგენტის საკმარისი რაოდენობა.

მესამე საკითხი – განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეითი ჯარისკაცის ინდივიდუალურ მომზადებაზე ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად, მოწინააღმდეგესთან უშუალო კონტაქტის დროს, მტრის ზემოქმედების ქვეშ. ასევე, ბრძოლის უნარების ათვისებას განსაკუთრებულ პირობებში, ისეთები როგორებიცაა: დასახლებული პუნქტი, მთა, ტყე და სხვ. ამისათვის აუცილებელია, საბრძოლო პროგრამების განახლება და მასში ცვლილებების შეტანა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მომზადებას უხელმძღვანელებენ მაღალი კვალიფიკაციისა და საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის ვეტერანთა კორპუსიდან.

მეოთხე საკითხი – ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, ჯარისკაცის ტაქტიკური აღჭურვილობა და შენიღბვის საშუალებები, მსუბუქი ბრონირებული ჟილეტები, ღამის ხედვის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარი და მათი სათანადო რეზერვის შექმნა. კოლექტიური დაცვის საშუალებებში იგულისხმება წინასწარ მომზადებული სპეციალური სხვადასხვა დანიშნულების საინჟინრო ობიექტები, ასევე დრონების, რაკეტების, საჰაერო და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების წინააღმდეგ თავდაცვის სისტემების შექმნა ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეებზე. ამასთან, აქტუალურად რჩება ისეთი ბრონირებული საშუალებებით აღჭურვა, რომლებიც უზრუნველყოფენ დღევანდელ მოთხოვნებს როგორც ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, ასევე პირადი შემადგენლობის დაცვას ბრძოლის ველზე. აგრეთვე, აუცილებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საბრძოლო-ტექნიკურ და საევაკუაციო-სამედიცინო უზრუნველყოფის დანიშნულებით. განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა საბრძოლო ტექნიკამ ტანკსაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის თვალსაზრისით.

მეხუთე საკითხი – საარტილერიო-სარაკეტო და საავიაციო საშუალებებით დაკომპლექტება, რაც უზრუნველყოფს მტრის მიზნების განადგურებას მაქსიმალურად შორი მანძილიდან. ისეთ მანძილიდან, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას მტრის საშუალებების მიუწდომლობის თვალსაზრისით. ასევე ჯარების თანამედროვე ჭურვებით, რაკეტებით, კასეტური და დისტანციური დანაღმვის საშუალებებით აღჭურვა. სხვადასხვა ტაქტიკური მეთოდების შესწავლა ბრძოლის ველზე სამოქმედოდ, მათ შორის ჩასაფრების მეშვეობით, რაც ხშირად გამოიყენება თანამედროვე ლოკალური ომების და შეიარაღებული კონფლიქტების დამახასიათებელ განსაკუთრებული საბრძოლო მოქმედებების პირობებში.

მეექვსე საკითხი – განსაკუთრებულად პერსპექტიულია უპილოტო მრავალფუნქციური საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რობოტიზირებული საშუალებების გამოყენება. აღნიშნულმა საშუალებებმა უკვე დაიმკვიდრეს თავი ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და ინტენსიურად გამოიყენება ბრძოლის ველზე. ეს ფაქტი სავარაუდოდ უზრუნველყოფს ახალი ჯარების გრემოებების ჩამოყალიბებასაც, მათ შორის ანტი დრონების ქვედანაყოფების სახითაც.

მეშვიდე საკითხი – ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა როგორც მდგრადი, სანდო და რაც მთავარია, მაქსიმალურად ოპერატიული საშუალება როგორც მტრის მიზნების აღმოჩენის, ინფორმაციის გადაცემის და მისი განადგურების თვალსაზრისით დროის მინიმალურ დაკარგვით, სხვა მართვის რგოლებისგან გვერდის ავლით, ე.ი. სადაზვერვო და განადგურების ქვედანაყოფების სინქრონული ურთიერთ მოქმედებით დროის რეალურ რეჟიმში. აღსანიშნავია ისიც რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ და კერძოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ბრძოლების, ოპერაციების დაგეგმარების და მათი მართვის პროცესში სამხედრო ხელოვნება გადაიყვანა ახალ შესაძლებლობებზე. ძველი, სტანდარტული, შაბლონური მეთოდებით მოქმედება ბრძოლის ველზე წაგების საწინდარი გახდება!

უახლოეს წლებში, ამ და სხვა საკითხების გადაჭრა განსაკუთრებით აქტუალური იქნება ქვეყნების შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესებში. საქართველომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ავტორი:ლოკალური ომების და
შეიარარებული კონფლიქტების მკვლევარი, ალ. ტალიური