მაკრონი და შოლცი: უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, იმედებს არ გავუცრუებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადეს, რომ მათი ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მაკრონი და შოლცი

ბერლინში მაკრონთან შეხვედრის შემდეგ შოლცმა აღნიშნა, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი იყო და რჩება მნიშვნელოვანი, ამიტომ ვაშინგტონმა ეს უნდა გააგრძელოს.

„ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ასევე, ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა შოლცმა.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უახლესი დისკუსიები სწორი მიმართულებით მიდის და ჩვენ გვინდა ომის მყარი, გრძელვადიანი დასრულება უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან მუშაობის წყალობით, ვფიქრობ, წარმატებით ვიმუშავეთ პრეზიდენტი ზელენსკის დასარწმუნებლად და მან გააკეთა, ვფიქრობ, ძალიან კარგი არჩევანი – ეყო გამბედაობა, გამოეჩინა ინიციატივა მშვიდობისთვის, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, დათანხმებოდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის წინადადებას.

ჩვენი მიზანი იგივე უნდა დარჩეს, გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა, დეტალური და სრულფასოვანი სამშვიდობო დისკუსიების გახსნა, რაც მოგვცემს მყარი და მუდმივი მშვიდობის დამყარების საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია უკრაინელების გარეშე, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ“, – განაცხადა მაკრონმა.