ტრამპმა პუტინთან გამართულ საუბარს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან 18 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარს „კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპის თქმით, მისი საუბარი პუტინთან „ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო“.

„ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე”, – დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ლიდერთან საუბრისას „სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი განიხილეს“.

„მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი ახლა სრული ძალისხმევით მიმდინარეობს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კაცობრიობის გულისთვის, მას დავასრულებთ!“, – აღნიშნა ტრამპმა.