უკრაინის უმაღლეს რადაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურნენ და „სრული კატასტროფა“ უწოდეს.
როგორც უმაღლესი რადას საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე მერეჟკომ აღნიშნა, მოლაპარაკებები წარუმატებელია.
„აბსოლუტურად ნათელია, რომ პუტინს არ სურს სერიოზული მოლაპარაკება. მას არ ესმის მოლაპარაკებების ან კომპრომისის მნიშვნელობა. მასთან გამკლავების ერთადერთი გზა არის ძალის გამოყენება, სანქციები მათი ენერგეტიკული სექტორის და რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ. საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“, – განაცხადა მერეჟკომ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ბურთი ახლა ტრამპის მოედანზე დაბრუნდა.
ინფორმაციისთვის, 18 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
ტრამპის განცხადებით, პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო.
„ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებისთვის. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ ამის დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – აღნიშნა ტრამპმა.