ზელენსკი: არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.

„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენს გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.

„სადგური ჩვენია, მისი ექვსი ბლოკი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.