შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებულ დ.ა., 1994 წელს დაბადებულ ა.ე., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1996 წელს დაბადებული ნ.მ.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.