სერბეთის პარლამენტის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მილოვან დრეკუნის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს საერთაშორისო სამართალზე საერთო ხედვა აქვთ, კერძოდ, ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თვალსაზრისით. მილოვან დრეკუნის თქმით, მისი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით სამხრეთ პროვინციები, კოსოვო და მეტოხია.
როგორც მილოვან დრეკუნმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოხარულია, რომ საქართველოს საერთაშორისო სამართალზე ისეთივე ხედვა აქვს, როგორც სერბეთს და პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მილოვან დრეკუნის თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან მოლაპარაკებები შესანიშნავი შესაძლებლობაა, პირველ რიგში, გააცნონ თავი საქართველოს დელეგაციას. როგორც დრეკუნიმ აღნიშნა საუბრები ძირითადად შეეხო შესაძლებლობებს, როგორ შეიძლება ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარება.
თანამშრომლობაზე საუბრისას სერბეთის სერბეთის პარლამენტის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობა არის ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შედეგი, ისევე როგორც ვითარების, რომელიც ორივე ქვეყანაშია როგორც შიდა, ისე საგარეო ჭრილში.
ამასთან, მილოვან დრეკუნმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო ინტერესები აქვთ, ესაა ევროკავშირში გაწევრიანება. მისივე თქმით, შიდა ვითარების მხრივაც, პოლიტიკური ვითარების მხრივ იმავე პრობლემების წინაშე არიან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მილოვან დრეკუნმა განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა, ორივე ქვეყანაში მშპ-ს ზრდა შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს ქმნის. მისივე თქმით, ასევე კარგი ამბავია, რომ მალე თბილისიდან ბელგრადში კვირაში სამჯერ პირდაპირი ფრენების განხორციელება დაიწყება.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.