The Telegraph: რატომ სძულს ტრამპის თეთრ სახლს ევროპა

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც კითხვას სვამს, თუ რატომ სძულს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპა.

კითხვაზე პასუხს სტატიის ავტორი საიდუმლო ჩატიდან გაჟონილ ინფორმაციაში ეძებს. საუბარია იმ ჩატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა და ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა იემენელ „ჰუსიტებზე“ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციის განსახილველად შექმნეს და შეცდომით გამოცემა „ატლანტიკის“ ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი დაამატეს.

ჩატში აშშ-ის მაღალჩინოსნები „ჰუსიტებზე“ თავდასხმის გარდა ევროპასაც განიხილავენ. კერძოდ, ვენსი წერს, რომ წითელ ზღვაში მდებარე სუეცის არხზე, სადაც „ჰუსიტები“ დათარეშობენ, აშშ-ის ვაჭრობის მხოლოდ 3% მოდის, მაშინ როცა ევროპის საქონლის 40% ამ მარშრუტს გადის.

„არსებობს რისკი, რომ საზოგადოება ვერ გაგვიგებს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი“, – წერს ვენსი. „არ მგონია, პრეზიდენტმა გააცნობიეროს, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ეს ევროპისადმი მის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს“, – დაამატა მან.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის კაბინეტის სხვა წევრებმა ვენსი გადაარწმუნეს, თუმცა დაუდასტურეს, რომ მის მოსაზრებას იზიარებენ. „მე სრულად ვიზიარებ თქვენ უკმაყოფილებას ევროპელების მუქთახორობასთან დაკავშირებით. ეს პათეტიკურია“, – მიუგო ჰეგსეტმა ვენსს.

The Telegraph-ის ცნობით, ჩატში საუბარი დასრულდა იმით, რომ ვენსი კონსენსუსს დათანხმდა, თუმცა იქვე დასძინა: „უბრალოდ მძულს, რომ კვლავ ევროპის გადარჩენა გვიწევს“.

გამოცემა წერს, პირველი, რაც უნდა ახსოვდეთ თავზარდაცემულ ევროპელებს, არის ის, რომ ვენსი თავისი ასეთი მიდგომით ამერიკულ მეინსტრიმს წარმოადგენს.

ამერიკას, პირველ რიგში, გაღიზიანებულია იმით, რომ ევროპელები თავდაცვაზე ცოტას ხარჯავენ. როგორც The Telegraph-ი აღნიშნავს, ასეთი ტიპის გაღიზიანება აშშ-ის ორპარტიული პოლიტიკური ტრადიციაა. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ჯონ კენედიმ 60-იან წლებში წამოჭრა.