მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლელოს ლიდერი

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გირაოს გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა.

საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. 1-ელ აპრილს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა.