განგაშის ზარები დაირხა ევროპაში: რუსეთს, სხვისი ტერიტორიების დაპყრობისკენ უჭირავს თვალიო; უკრაინას დაიპყრობს, შემდეგ ბალტიისპირა ქვეყნებს, პოლონეთს და „ძველი“ ევროპისკენ გაიწევსო, თავი უნდა დავიცვათ, ევროპის ჯარი უნდა შევქმნათო, ვინაიდან აშშ-ი აღარ აპირებს ჩვენს დაცვასო.
უმალ შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები — ბრიუსელის დაძახილზე. ევროკავშირის ახალმა ფიურერმა, ქალბატონმა ურსულამ, 800 მილიარდი ევროს მოძიების საკითხი დააყენა ევროპის არმიის ჩამოსაყალიბებლად.
ფაშიზმის ახალი ეტაპი დაიწყო — ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავზე. მას მეოთხე რეიხი ჰქვია — ისეთივე ამბიციური გეგმებით, როგორც მესამეს ჰქონდა, რომლის სათავეში ხელმოცარული მხატვარი და „მწერალი“ ადოლფი გახლდათ.
ახალ, მეოთხე რეიხს ქალი ჰყავს სათავეში — ურსულა. მიზანი მისი —აღმოსავლეთისკენ მარშია, უკრაინის გავლით, უკრაინის სრული ფაშიზაციით — რუსეთისკენ, მისი დაშლა-დაქუცმაცებისკენ.
ეკონომიკურ გაუსაძლისობაში მყოფი ევროპა, რომლის ეკონომიკური მაჩვენებელი 0,43% არ აღემატება, როგორ მოახერხებს 800 მილიარდის შეგროვებას — ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ევროპელი ექსპერტების მიხედვით, არცთუ ისეთი ძნელი, 450 მილიონი ევროპელის ჯიბეში ხელის ჩაყოფით — ამბობენ ისინი. ცდუნებაც დიდია, 10 ტრილიონი ევრო — მოსახლეობის საბანკო ანგარიშების სახით, გადასახადების გაზრდით, სოციალური პირობების გაუარესებით, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასების აწევით, ობლიგაციებით და ა.შ. მაგრამ მანამდე მოსახლეობის ანტირუსულად შემზადებით, მისთვის აგრესორის დამღის მიწებებით, სისტემატურად იმის ძახილით — რუსეთი მოდის და რომ არ დაგვიპყროს, არმია უნდა გვყავდესო.
იკითხავთ, ჩალით ხომ არ არის დაფარული ევროპა. იოლი დასადგენი არ არის რუსეთი აპირებს თუ არა ევროპის დაპყრობას?.
იოლი დასადგენია თუ ინფორმაციის თავისუფალი მიმოსვლა იქნება, მაგრამ ასეთს რომ ადგილი არ აქვს. ამერიკა-ევროპამ რაც მოახერხეს — უპირველეს ყოვლისა ინფორმაცია დაბლოკეს — რუსული, საკუთარიც, ოღონდ რუსეთზე ობიექტურად მოსაუბრე.
ამერიკა-ევროპის ქვეყნები, მათმა ფაშისტურ-ლიბერალურმა ხელისუფლებებმა ჭურში ჩატენეს და ასმენინებენ ანტირუსულ ინფორმაციას, უკრაინის ხოტბა-დიდებით შეზავებულს. დღევანდელმა ამერიკელ-ევროპელმა თუ რამე იცის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ისაა, რომ უკრაინა ამარცხებს რუსეთს, დამარცხებული რუსეთი როგორ ხოცავს უმანკო უკრაინელებს, როგორ ანგრევს მათ ქალაქებს, სოფლებს. დასავლელებს უკვე აქვთ შექმნილი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ეშვებიანი ანტიადამიანური პორტრეტი. ის ვერ ხვდება სიყალბეს, ვერ ხვდება, რომ თავისივე კორესპონდენტი, უკრაინიდან დაბრუნებული და სიმართლის მთქმელი დაბლოკილია მედიაში.
წინა სტატიაში გითხარით გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული კანონის შესახებ, რომლის მიხედვით, გერმანელ ჟურნალისტს აეკრძალა სვასტიკებით „დამშვენებული“ უკრაინელი „ბოევიკების“ ფოტოების გამოქვეყნება, უკრაინის ნეოფაშიზმზე სიტყვის ამოღება. „დამნაშავეს“ სამსახურიდანაც დაითხოვენ და პასუხისგებაშიც მისცემენ. ჰოდა, ამის შემდეგ რა ინფორმაციაზეა ლაპარაკი?
მხოლოდ ყალბზე და არაობიექტურზე.
ასე რომ, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებმა „იზრუნეს“ თავიანთ მრევლზე და ისე მოაქციეს, როგორც გადაგვარებულ საზოგადოებას შეეფერება. პროპაგანდას უდიდესი ძალა აქვს — დამანგრეველი ადამიანთა სულების. პროპაგანდის შედეგია ევროპაში რუსული კულტურის, ხელოვნების, მწერლობის აკრძალვა. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, სადაც რუსულ ენაზე დაბეჭდილი კლასიკოსების შედევრები ცეცხლს მისცეს; ძეგლები აიღეს, მათ შორის პუშკინის.
უკრაინა ევროპელთა მიერ გამოძერწილი ის ავისმომასწავებელი სიმახინჯეა, რომელიც წალეკვით ემუქრება თვით შემქმნელ ევროპასაც. და რომ ეს ასეა, ტვინის ჭყლეტა სულაც არ არის საჭირო. არსებულის გაანალიზებაც საკმარისია, მაგრამ მომხმარებლურმა ფსიქოლოგიამ, სულიერების მტერმა დააკარგვინა ვითომ განათლებულ ევროპას ანალიზის უნარი.
გახელებულმა დასავლეთმა შეძლო არა მარტო ევროპელთა გადაგვარება, არამედ უკრაინელთა, სომეხთა, მოლდოველთა, აზერბაიჯანელთა, ქართველთა, ყაზახთა, სხვა ყოფილ საბჭოელთა და რუსთა წინააღმდეგ ამხედრება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი