მაქსიმალური ფსონი კობახიძეზე და მზადება არჩევნებისათვის

გასული კვირის ბოლოს ხელისუფლებაში მომხდარი საკადრო გადაადგილებები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამისთვის არანაირი ხილული წინაპირობები არ არსებობდა და ყველზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ შემოდგომაზე დადეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ახალ საპარლამენტო არჩევნებზეც, რასაც ხელისუფლების ოპონენტები უკვე ოთხ თვეზე მეტია ითხოვენ საპროტესტო გამოსვლებით.

4 აპრილს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდებოდა და მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და კახაბერ გულედანი წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ შეცვლილი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე ლილუაშვილთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

„რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომელიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. დანარჩენი, შიდა სამზარეულოა. სხვადასხვა საკითხი იყო, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. გვქონდა ჯანსაღი დიალოგი ამ თემაზე, ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე”, – აღნიშნა პრემიერმა”, – განაცხადა კობახიძემ.

სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა, რომელსაც მანამდე იუსტიციის მინიტრის თანამდებობა ეჭირა. იუსტიციის ახალ მინისტრად კი „ქართული ოცნების” დეპუტატი პაატა სალია დაინიშნა.

გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ. მის ადგილას კი პოლიციის პოლკოვნიკი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ თამაზაშვილი შსს-ს იმ მაღალჩინოსმებს შორისაა, რომელაც ბრიტანეთმა 2024 წლის 19 დეკემბერს სანქციები დაუწესა.

ოპოზიციის ეჭვები

ეს საკადრო გადაადგილებები სრული მოულოდნელობა იყო. ოპოზიციაში კი ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები გაკეთდა. მაგალითად, ითქვა, რომ ეს გადაადგილება წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება და ლილუაშვილი სწორედ იმიტომ იმიშნება რეგიონალური განვითარების მინისტრად, რომ „ოცნება” რეგიონებში წინასაარჩევნოდ ეცდება პოზიციების გამყარებას. თუმცა მას შემდეგ, რაც ლილუაშვილის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალა, ამ ვერსიამაც აქტუალურიბა დაკარგა.

გარდა ამისა, გაკეთდა შეფასებები, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნას, რადგან ხელისუფლება საგარეო ზეწოლისა და შიდა საპროტესტო აქტივობის ფონზე ამას უკვე სრიოზულად განიხილავს.

ასევე ითქვა, რომ საკადრო გადაადგილებები მმართველი პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირების შედეგია; რომ პრემიერი კობახიძე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თანხმობით, იმყარებს პოზიციებს ხელისუფლებაში.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა უტიაშვილი წერს, რომ ამის შემდეგ „ქართული ოცნება” ახლა „დაუფარავად რუსული” გახდება.

„2015 წლიდან დღემდე ივანიშვილმა პრემიერი შეცვალა ექვსჯერ, სუს-ის უფროსი მხოლოდ მეორედ. ანუ, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნია სუს-ი, ვიდრე პრემიერი.

„ადგა და სუს-ის უფროსობა პრემიერს აჩუქა, რაც აქამდე არასოდეს უქნია. კი, ბევრი ვერსია იყო – რომ ლილუაშვილი ბაჩიაშვილის გამო დასაჯა, საარჩევნო სამინისტრო ჩააბარა, მაგრამ არ მგონია რომელიმე მართალი იყოს. ერთადერთი ახსნა, რაც ამ ცვლილებას აქვს, არის ის, რომ რუსებმა გადაწყვიტეს, ოლიგარქი დაბერდა და საქართველო პირდაპირი რუსული მმართველობისათვის მზადაა, რაც კობახიძის ხელით უნდა მოხდეს.

„ქოცმა პროპაგანდისტებმა ტრამპის გაშავებაც მაგიტომ დაიწყეს. თუ აქამდე ბალანსის პოლიტიკას თამაშობდნენ, ახლა დაუფარავად რუსულები გახდებიან”, – წერს უტიაშვილი სოციალურ ქსელში.

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძის აზრით, საკადრო ცვლილებები სისუსტის აღიარებაა.

„ზოგადად, ძლიერ პოზიციაში მყოფი და გამარჯვებული ხელისუფლება არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ასეთი ტიპის საკადრო ცვლილებებს არ ახდენს. ეს ცალსახად სისუსტის აღიარება და იმის აღიარებაა, რომ არც ერთ ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური კაპიტალი და ისინი დგანან მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა საჭიროება გააჩნია ივანიშვილს”, – ამბობს ბუაძე.

არსებობდა თუ არა საკადრო ცვლილებების წინაპირობები

დავით ზურაბიშილი ფიქრობს, რომ „ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშილმა გადაწყვიტა ფსონი ირაკლი კობახიძეზე დადოს.

„მე არ ვიცი რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ” ასე მოულოდნელად საკადრო ცვლილებები, მაგრამ ფაქტია – ეს ემსახურება კობახიძის გაძლიერებას. მანამდე ლილუაშვილი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კაცი იყო და როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა მეტი ძალაუფლება მისცეს კობახიძეს და უახლოეს მომავალში ყველა ბერკეტი მას ჩააბაროს.

„რასაკვირველია, გადაწყვეტილება მის გარეშე არ იქნებოდა. აშკარაა, რომ ახლა ბიძინა კობახიძეზე დებს ფსონს. საერთოდ, ივანიშვილს ასეთი რაღაცები სჩვევია ხოლმე, რაც ძალიან სახიფათოა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ ვიღაცას თავიდან დიდ უფლებამოსილებებს აძლევს, რაღაც დროის შემდეგ კი მკაცრად სთხოვს პასუხს. ალბათ ახლაც რაღაც ასეთია”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ შეცვლილი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ის აღარ იყო სანდო პიროვნება.

„მე მგონია, რომ გრიგოლ ლილუაშილის საკითხთან დაკავშირებით უფრო შიდა პარტიული სამზარეულოს ამბებია. რამდენადაც მე ვიცი, ლილუაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ადრე იყო „ქართუ ბანკის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ასე მგონია, ის აქამდე სარგებლობდა „ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობით და როგორც ჩანს, მან რაღაც მომენტში ეს ნდობა დაკარგა. ალბათ, ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილების შეცვლა და მისი ჩანაცვლება. ამას ვარაუდის დონეზე ვამბობ, რადგან არ ვფლობ ინფორმაციას”, – თქვა ანჯაფარიძემ.

რა პროცესები მიდის „ოცნებაში”

დავით ზურაბიშვილი გამორიცხავს, რომ პარტიაში შიდა ბრძოლები ან რამე მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.

„არ მგონია პარტიაში რაღაც შიდა ბრძოლები მიდიოდეს. რაღაც უკმაყოფილება შეიძლება ყოფილიყო კახა კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, მაგრამ არაფერი სერიოზული შიდა კლანური დაპირისპირებები არ ხდება. ბიძინა რაღაც თავისთვის თამაშობს, ერთობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბიძინას მიზანია უფრო მეტი დიქტატურა და კონსოლიდაცია, რისთვისაც კობახიძე ჰყავს, რომელიც ამ საქმეს კისრულობს და ყველაფერს აკეთებს ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გასაქრობად.

„ეს იმიტომ, რომ აქ მარტო ბიძინა დარჩეს. ახლა მას დასავლეთთან ეს გაფუჭებული ურთიერთობა სულ არ აწყობს, რადგან რუსეთთან და ჩინეთთან როგორც არ უნდა მიისწრაფვოდეს, ყველა ვარიანტში სჭირდება დასავლეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. დემოკრატია და რაღაც ასეთები არ უნდა. მისთვის ძალიან არასასრუველია, რომ იყოს სანქცირებული იმიტომ, რომ ასეთი ქვეყნის ლიდერი ჩინეთისა და რუსეთისთვისაც არაა საინტერესო. დონალდ ტრამპი კი საკითხს ასე სვამს – მე რომ შენ რაღაც გაგიკეთო, შენ რას მაძლევ? ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი, რაც შეუძლია ტრამპს შესთავაზოს, არის ის, რომ ის აქ მარტოა, აკონტროლებს სიტუაციას სრულად და თუ ვინმეს საქართველოსგან რაიმე უნდა, საქმე მასთან უნდა იქონიონ. ამ საქმისთის სჭირდება ოპოზიციის განადგურება, რისთვისაც კობახიძეს იყენებს. ალბათ მიიჩნია, რომ ის ამას გააკეთებს. თუ ვერ გააკეთებს, დაბრალდება მას. ესაა ყველაფერი. მე ვერ ვხედავ შიდა დაპირისპირებას პარტიაში”, – თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, გრიგოლ ლილუაშილის ვადამდე ადრე გათავისუფლება მიანიშნებს იმაზე, რომ მის მიმართ არსებობდა კითხვები.

„მე არ მინდა მარჩიელობაში ჩამეთვალოს, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს თანამდებობიდან ათავისუფლებენ, კი, ბატონო მესმის ეს ლეგალური მოტივი, რომ ლილუაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ისედაც გასდიოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის გაათავისუფლეს ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 7 თუ 8 თვით ადრე, მიუთითებს იმაზე, რომ მის მიმართ არსებობდა კითხვები”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

რას უკავშირდება ცვლილებები

დავით ზურაბიშვილს ეეჭვება, რომ საკადრო ცვლილებები მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდებოდეს.

„ოცნება” ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივ არჩევნებს, განსხვავებით ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილისგან, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ერის მოღალატეა, რაც ჩემთვის საერთოდ გაუგერია, რადგან თუ შენ არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლას შეძლებ, მაშინ არჩევნები შეცვლილი ხელისუფლების მიერ ჩატარდება და მაშინ მაინც ხომ მიიღებ მონაწილეობას? თუ ვერ მოახერხებ „ოცნების” შეცვლას და არაფერში არ მიიღებ მონაწილეობას, საერთოდ რა ლოგიკაა არ მესმის.

„არ მგონია, რომ ხელისუფლება ამ საკადრო ცვლილებებს მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთის აკეთებდეს. თუ ახლა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა მოახლოებულ არჩევნებს, მაშინ „ოცნებას” რა ენაღვლება? შეუძლია არჩევნები ყოველგვარი გაყალბების და გართულების გარეშე მოიგოს. ამით გარკვეულწილად საზღვარგარეთ ლეგიტიმაციას მოიპოვებს, რადგან ხმას ვერავინ ამოიღებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვიღაც იტყვის – რადგან ეს პარტიები არ მონაწილეობდნენ არ ითვლებაო, ძალიან ცდება. მაქსიმუმ ვიღაც ბალტიისპირელმა თქვას რაღაც. ყველა აღიარებს არჩევნების შედეგს, თუ გაყალბების გარეშე ჩატარდება. ეს ხელისუფლებისთვის რა თქმა უნდა, ხელსაყრელია. თუმცაღა „ოცნება” მაინც შიშობს, რომ ოპოზიცია მაინც მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს – იღებს სპეციალურ კანონებს, ანუ ზღუდავს დამკვირვებლების უფლებებს და ა.შ.

„არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხელისუფლბას მოუნდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ საკადრო ცვლილებები ადგილობრივ არჩევნებთან კავშირში იყოს. ის ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ საკადრო ცვლილებები უკავშირდებოდეს იმ პროცესებს, რომელიც შესაძლოა საქართველოში უახლოეს პერიოდში განხრორციელდეს, ვგულისხმობ ადგილობირ არჩევნებს და იმ შესაძლო ვარიანტს, რომ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს. თუ ყურადღება მიაქციეთ, მათი კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების” რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ადრე იყო. შესაბამისად, ეს საკადრო ცვლილებები გარკვეულ კავშირში შეიძლება იყოს მოსალოდნელ არჩევნებთან”, – თქვა ანჯაფარიძემ.

რა იცვლება საკადრო გადაადგილებით

დავით ზურაბიშვილის აზრით, ამის შემდეგ „ოცნების” პოლიტიკა უფრო ხისტი გახდება.

„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ „ქართული ოცნების” პოლიტიკა უფრო ხისტი გახდება. დიქტატურის, ავტორიტარიზმისკენ მიდის და რასაკვირველია, უფრო გაუარესდება ვითარება, რადგან სწორედ ეს გზაა არჩეული”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ მთავარი შედეგი „ქართული ოცნების” პოზიციების განმტკიცება და კონსოლიდაცია იქნება.

„ქართული ოცნების” პოლიტიკაში ამ საკადრო ცვლილებებით რადიკალური ცვლილელები, ვფიქრობ, არ იქნება. მე პირადად ამას არ მოველი. ჩემი აზრით, ეს ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად იქნეს გამტკიცებული ხელისუფლების პოზიციები სხვადასხვა უბნებზე, ვგულისხმობ იგივე აჭარაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში. ანუ „ქართული ოცნების” პოზიციების კონსოლიდაცაცია კიდევ უფრო მეტად რომ მოხდეს. ამას ვხედავ ამ საკადრო გადაადგილების მიღმა”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ

კითხვაზე, იქნება თუ არა კიდევ საკადრო ცვლილებები, დავით ზურაბიშვილი ამბობს: „საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს იქნება თუ არა. რომელი ფიგურა სად გადავა, ეს არ ვიცი”.

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში საკადრო გადაადგილებები კიდევ იყოს.

„გამორიცხული არაა, რომ კიდევ მოხდეს საკადრო ცვლილებები. ამ შემთხვევაში გამოვდივარ როგორც ექსპერტი, გარედან დამკვირვებელი და ისე ვაფასებ. სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, შესაძლოა „ოცნებამ” ჩათვალოს, რომ სადღაც, რომელიღაც დროში საჭიროა საკადრო გადაადგილება. ამიტომ მე ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ აუცილებლად მოხდება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თვითონ „ქართული ოცნება” რას მიიჩნევს საჭიროდ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

„საკადრო ცვლილებები რეალურად ხორციელდება მაშინ, როდესაც დავუშვათ, მმართველი პარტია ამჩნევს, რომ ამა თუ იმ სახელისუფლებო სფეროში შეიქმნა პრობლემა. შესაბამისად, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ხდება საკადრო ცვლილებები”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან”.