აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არ განიხილავს დაწესებული ტარიფების შეჩერებას. ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არა, ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ბევრი ქვეყანაა, რომლებიც მოდიან ჩვენთან გარიგების დასადებად და ეს იქნება სამართლიანი გარიგებები. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სერიოზულ ტარიფებს გადაიხდიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს მისი ადმინისტრაციის ორაზროვანი გზავნილების შესახებ ტარიფებზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეიძლება, ორივე იყოს მართალი.
„შესაძლებელია, რომ ორივე მართალი იყოს. შეიძლება, იყოს მუდმივი ტარიფები და ამავდროულად მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები, რადგან არსებობს რაღაცები, რაც ჩვენ, ტარიფების გარდა, გვჭირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.