დონალდ ტრამპი – იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, საუკეთესო გუნდს გზავნის მოსალაპარაკებლად, ისინი აშშ-ს ძალიან ცუდად მოეპყრნენ ვაჭრობის საკითხებში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შიგერუ იშიბას ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, იაპონია მოლაპარაკებების თაობაზე აშშ-ში ჯგუფს გააგზავნის.

„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან გვესაუბრებიან. მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პარამეტრები ყალიბდება. დილით იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ის საუკეთესო გუნდს გზავნის მოსალაპარაკებლად! ისინი აშშ-ს ძალიან ცუდად მოეპყრნენ ვაჭრობის საკითხებში. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, მაგრამ ჩვენ ვიღებთ მათ მილიონობით მანქანას. იგივე ეხება სოფლის მეურნეობასა და სხვა მრავალ საკითხს. ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მაგრამ განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებით!“ – წერს ტრამპი.