დონალდ ტრამპი – მიზეზი, რის გამოც არ ვსაუბრობთ ტარიფებზე რუსეთთან, არის ის, რომ ჩვენ არსებითად არ ვაწარმოებთ ბიზნესს რუსეთთან, რადგან ისინი ომში არიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ტარიფები არ დაუწესა, რადგან ქვეყანა ომშია და მათთან ბიზნესს არ აწარმოებენ.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, უფრო დაწვრილებით ესაუბრა, თუ რატომ არ დაუწესა ტარიფები რუსეთს.

„მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვსაუბრობთ ტარიფებზე რუსეთთან, არის ის, რომ ჩვენ არსებითად არ ვაწარმოებთ ბიზნესს რუსეთთან, რადგან ისინი ომში არიან. მე არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ახლა გიჟივით ბომბავენ (უკრაინას). ეს არ არის კარგი სიტუაცია. ასე რომ, ჩვენ ვხვდებით რუსეთს, ვხვდებით უკრაინას და ჩვენ თითქოს ვუახლოვდებით შეთანხმებას, მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი იმ დაბომბვებით, რაც ბოლო კვირაში ხდება. ეს არის საშინელი რამ“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დაწესებული ტარიფების სიაში მოხვდა უკრაინაც, რომელსაც ტრამპმა ათპროცენტიანი ტარიფი დაუწესა. ამ სიაში არ მოხვდა რუსეთი. ასევე, რუსეთი კვლავ აქტიურად აგრძელებს უკრაინაზე საჰაერო იერიშებს. 4 აპრილს კრივოი როგზე მიტანილი იერიშის შედეგად 20 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ცხრა ბავშვია, ხოლო 75 ადამიანი დაშავებულია.